ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში - ირაკლი ნადარეიშვილი
საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთაშორისო დონეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად შემოღებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელიც 10 წლიან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, უკვე იწვევს ინტერესს რეგიონული სტარტაპების მხრიდან და ქვეყანას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 - მა ქართულმა სტარტაპმა უკვე ისარგებლა საკანონმდებლო შეღავათით. ისინი, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში, 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით ისარგებლებენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო შეღავათით რეგიონული სტარტაპებიც დაინტერესდნენ. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი საქმიანობას საქართველოდან განაგრძობენ. „ინოვაციური სტარტაპის სტატუსით რეგიონული სტარტაპები ინტერესდებიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოსვლას და პროექტების განხორციელებას განიხილავენ - სტატუსთან ერთად ქვეყანაში შექმნილია ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, რომლითაც საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია სტარტაპის განვითარებისთვის რეგიონში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Fredo Handmade საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას გეგმავს
12.06.2026.18:00
Fredo Handmade არის ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც ბაზარზე ცხრა წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და განვითარების მიმართულებებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, სოფი უზნაძეს ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს დღეს Fredo Handmade-ს და როგორია მომხმარებლების გამოხმაურება ახალ კოლექციაზე?
Fredo Handmade უკვე 9 წელია ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ ხის ჩანთებს, რომლებიც აერთიანებს ქართულ ხელოვნებასა და თანამედროვე დიზაინს. მუდმივად ვმუშაობთ ახალი მოდელების, ფერებისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობების დამატებაზე, რათა თითოეული ჩანთა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული იყოს. ახალი კოლექცია ძალიან დადებითად მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მომხმარებლებმა. განსაკუთრებით მოსწონთ პროდუქტის ორიგინალურობა, ხარისხი და ის ფაქტი, რომ თითოეული ჩანთა ინდივიდუალური ხელწერით იქმნება.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა და რომელი პროდუქტებია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული?
ბოლო წლებში მომხმარებლები უფრო მეტად ეძებენ განსხვავებულ და გამორჩეულ აქსესუარებს, რაც ხელნაკეთი პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდაშიც აისახა. დღეს ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი ხის ჩანთები, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოდელები, რომლებზეც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით დაამატონ წარწერები ან დიზაინის ელემენტები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე სასაჩუქრე შეფუთვა, ბრენდირებული ხის ყუთები, რომლებიც პროდუქტის ღირებულებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე და როგორ პასუხობს Fredo Handmade მომხმარებლის მოთხოვნებს?
დღევანდელ ბაზარზე განსაკუთრებით აქტუალურია ეკომეგობრული, ხელნაკეთი და პერსონალიზებული პროდუქცია. მომხმარებლებს სურთ ნივთები, რომლებიც მასობრივ წარმოებაში არ გვხვდება და მათ ინდივიდუალობას გამოხატავს. Fredo Handmade სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვქმნით მცირე რაოდენობის უნიკალურ კოლექციებს და მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი პროდუქტის დიზაინის შექმნაში.
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენი მიზანია Fredo Handmade კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საერთაშორისო ბაზარს და გავაძლიეროთ ქართული ხელნაკეთი პროდუქციის პოზიციები უცხოეთში. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი კოლექციების შექმნაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე. გვინდა, რომ Fredo Handmade ასოცირდებოდეს ხარისხთან, ორიგინალურობასთან და ქართულ ხელოვნებასთან, ხოლო ჩვენი თითოეული პროდუქტი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ემოციას ქმნიდეს.
ინფორმაციისთვის, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.