ის, რომ ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა, ამას უკვე ციფრებიც ადასტურებს - ნინა კეკელიძე
ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულება რომ არის ამას ციფრებიც ადასტურებს, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელმა ნინა კეკელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ამ მაჩვენებლების გაზრდაზე უნდა იფიქროს და უნდა ეცადონ, რომ საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა განმეორებადი ვიზიტით ჩამოვიდნენ საქართველოში.
„კერძო და სახელმწიფო სექტორის კოლაბორაცია, აქტივობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან დიდ როლს თამაშობს“, - აცხადებს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროექტების გარდა, ბიზნესი დამოუკიდებლადაც ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვაზე და საზღვარგარეთის ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციაზე.
„ბიზნესი გარკვეულ ნაბიჯებს დამოუკიდებლად აქტიურად დგამს. გამოვყოფდი საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ჩართულობას, თავისი 250-ზე მეტი წევრის ერთობლივი აქტივობებით. ჩვენ ბევრ საერთაშორისო გამოფენაზე ვიღებთ მონაწილეობას და მაგალითად, ნოემბერში მე პირადად Discover Georgia-ს მხრიდან მივემგზავრები ორ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. სალონიკსა და ბარსელონაში წარვადგენ ჩვენს ქვეყანას და შევეცდები საერთაშორისო ვიზიტორები დავარწმუნო, რომ თავიანთ პრიორიტეტებსა და მიმართულებებში 2025 წლისთვის მოიაზრონ საქართველო. საერთაშორისო ტურისტული გამოფენებიდან დაბრუნების შემდეგ, Discover Georgia-ს მაგალითზე გვიწევს უშუალო პროდუქტების შემუშავება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო ვიზიტორებს მოხიბლავს და მათ აღმოაჩენინებს ჩვენს ქვეყანას და მრავალფეროვან კულტურას, ტრადიციებს და ისტორიებს“, - განმარტავს ნინა კეკელიძე.
Discover Georgia-ს დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ გაწეული მუშაობა, ახალი პირდაპირი ავიარეისების და ბაზრების გახსნა, 2025 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტებს კიდევ უფრო გაზრდის.
„ავიაცია ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი საყრდენი მამოძრავებელი ინდუსტრიაა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა მაჩვენბლების ზრდასთან, მეტი შემოსავლების მიღებასსა და ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან ასოცირდება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შიდა თუ გარე ფაქტორი, პოლიტიკური, ეკონომიკური, პირდაპირ აისახება ტურიზმის ინდუსტრიაზე და ამ მზარდ ტენდენციაზე. მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ამ სტატისტიკის როგორც შენარჩუნება, ასევე მისი ზრდა 2025 წელს“, - აღნიშნა ნინა კეკელიძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.