ისტორიები საქართველოდან - გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ინიციატივებს, რომლებიც ცოდნასა და კულტურასთან დაახლოებას ემსახურება. ამჯერად, მწერალი არჩილ ქიქოძე მოგვითხრობს გურამ რჩეულიშვილისა და ნიკო სამადაშვილის შემოქმედებასა და იმ ადგილებზე, რომლებმაც ისინი შთააგონა.
„მტკვრის მარცხენა ნაპირიდან უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით“.
ასეთი ლამაზი და შემზარავი მეტაფორით ჩნდება უფლისციხე გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში „უსახელო უფლისციხელი“.
გურამ რჩეულიშვილი მარად ახალგაზრდა მწერალი იყო - თაობის კერპი, კაცი, რომელმაც სოცრეალიზმის ხანგრძლივი ბატონობის შემდეგ, ქართულ ლიტერატურაში რეალური დრო და ნამდვილი ადამიანი შემოიყვანა - თავისი გრძნობებით, ტკივილით, სიყვარულით. მისი ახალგაზრდული და მართალი ხმა ზარივით გაისმა ორმოცდაათიანი წლების ბოლოს.
ისტორიულ მოთხრობებს რჩეულიშვილი ნაკლებად წერდა. მაგრამ ერთხელ ეს მოუსვენარი კაცი ქვახვრელის სადგურზე ჩამოვიდა მატარებლიდან და უფლისციხე მოინახულა. ადგილი მოთხრობის შთაგონება გახდა და დაიბადა „უსახელო უფლისციხელი" - პატარა მოთხრობა, რომელიც ზმანებას გავს და სიუჟეტი პირდაპირ მკითხველის თვალწინ იბადება.
მოთხრობაში ნარკვევის დასაწერად მთხრობელი ქვაში ნაკვეთ ნაქალაქარს სტუმრობს. გამგზავრებამდე ისტორიულ წყაროებს ეცნობა, ემზადება. მერე კი დიდხანს დახეტიალობს ძეგლზე - ათვალიერებს ელინისტური პერიოდის ჩუქურთმებს. იცის, რომ აქაურობამ არაბების და სხვათა შემოსევებს გაუძლო.
მთხრობელი კითხვას სვამს: როგორ შეიძლება, რომ ისტორიას მეფეების და მხედართმთავრების გარდა, არცერთი ჩვეულებრივი ადამიანის სახელი არ შემორჩა? რატომ არ მოვიდა ჩვენამდე გლეხი კაცის გმირობის არცერთი ამბავი? ეს პირდაფჩენილი სიცარიელე უსამართლოდ ეჩვენება და მის ამოვსებას თავად ლამობს. იგონებს უსახელო გმირს და მის გმირობაზე გვიამბობს.
უფლისციხეს მტერია მომდგარი. მტრის მხედართმთავარი სიმაგრეზე იერიშისთვის ემზადება და არ იცის, რომ მასთან მყოფი უენო მონა სწორედ სწორედ აქაურია - უფლისციხელია. ტყვეობაში გატარებული წლების შემდეგ მონა სამშობლოში მოხვდა და ახლა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, სამშობლოს მხსნელი უნდა გახდეს.
ყინვიან ღამით მონა ბანაკიდან იპარება, რათა თავისიანებს მტრის გეგმა შეატყობინოს. მთელი ღამე მიხოხავს გაჭრილ თხრილში, ხელ-ფეხი ეყინება, მაგრამ მაინც ასწრებს ზმუილითა და სხეულის ენით ციხე-ქალაქის მცველების გაფრთხილებას. ქალაქი გადარჩება. მტერი მარცხდება.
დილით მზე გამოდის და ციხისთავი ვამეხი გამარჯვებას ზეიმობს. ჩვენ ისევ გამარჯვებული დიდებულის სახელი ვიცით და ნამდვილი გმირი ისევ უსახელოდ რჩება.
უფლისციხის კედლებზე ჯოჯოები დაცოცავენ. იქნებ წარსულის მეციხვნეთა სული ჩასახლებულა მათში...
უფლისციხიდან ატენის სიონამდე მცირე მანძილია. ოღონდ ეს ორი ადგილი ერთმანეთს სულ არ ჰგავს. გამოქვაბულების ქალაქი მუდამ ქარიანი მტკვრის განიერ ხეობაში მდებარეობს. მეშვიდე საუკუნის ეკლესია კი ატენის ვიწრო და მყუდრო ხეობაში, პატარა მდინარე ტანას ნაპირასაა კლდეზე დასკუპებული. ტანა რაკრაკით მოედინება, მის ნაპირზე ძველი წისქვილი დგას. კიდევ ფერდობზე შეფენილი ვენახები…
ეს ადგილიც შთაგონებაა, დიდი და დაუფასებელი პოეტი ნიკო სამადაშვილის, რომელსაც სიცოცხლეში ერთი ლექსის გამოქვეყნებაც არ ღირსებია.
სამადაშვილი ატენის სიონით მოჯადოებული ქართლელი კაცი იყო. მის „ატენის სიონში“ ეკლესიის კედელზე გამოსახული ირმებისთვისაც მოინახა ადგილი. მეტიც, პოეტმა მიწის პატარა ნაგლეჯზე მთელი ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყარო დაატია. „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს..." პატარა მდინარე ტანა კი ამ ორი სამყაროს საზღვარი გახადა…
ამ პატარა ლექსში ყველაფერია დატეული - მოუსვენრობაც, შფოთიც, მყუდროებაც, მარადისობაც. თავზე კი ატენის სიონს ჩრჩილის დაჭმული ცა ადგას.
გურამ რჩეულიშვილი საკუთარი თაობის გამორჩეული კაცი იყო - ადვილად დასანახი და გამოსარჩევი. დღესაც იტყვი სახელ „გურამს“ და გვარიც რომ არ დააყოლო, ბევრი მიხვდება, ვინ არის საქართველოს მთავარი გურამი.
ნიკო სამადაშვილმა ცხოვრება შეუმჩნევლად გაატარა - ბუღალტრის ტყავში გადაცმულმა. სიკვდილის წინ მეგობარს ეუბნებოდა, მთელი ცხოვრება კაცურად ვიცხოვრე და ერთი დღე არ მიცხოვრია ისე, ადამიანად რომ მეგრძნო თავიო...
ისინი ერთი წლის ინტერვალით გარდაიცვალნენ - ერთი სრულიად ახალგაზრდა, მეორე კი - სამოცსმიტანებული.
ორივე მათგანის მემკვიდრეობა საგანძურია ჩვენი, ისევე როგორც უფლისციხე და ატენის სიონი, ოდესღაც მათი შთაგონებები რომ გახდნენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
14.07.2026.15:04
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მრავალენოვან მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად ჰქონდეთ.
ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკმა ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისებით აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზეც ისარგებლონ. შესაბამისი ენები დაემატა მობილბანკსა და ინტერნეტბანკს, ასევე ბანკომატებსა და თვითმომსახურების აპარატებს.
გარდა ამისა, რეგიონებში გაფართოვდა ფილიალების ქსელიც. ბანკმა ახალი ფილიალები გახსნა სადახლოში, დმანისში, კაბალსა და ნინოწმინდაში. მომხმარებლებს აღნიშნულ ფილიალებში სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის ანგარიშის გახსნა, ბარათის მიღება, გზავნილების გაგზავნა და მიღება, ანაბრების გახსნა, გადარიცხვების განხორციელება და სხვა საბანკო ოპერაციები.
“რეგიონებში მომსახურების გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქამდე საბანკო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქში გადაადგილება უწევდათ. ახალი ფილიალებისა და მრავალენოვანი მომსახურების დანერგვით საბანკო სერვისები მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა”, - აღნიშნავს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს ბანკი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს. ახალ ფილიალებში დასაქმებულთა შორის არიან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე თანამშრომლები, რაც მომხმარებლებს მომსახურების მათთვის კომფორტულ ენაზე მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებთან ერთად, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფისთვის მორგებული პროდუქტების განვითარებასაც აგრძელებს. მათ შორის, მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათით, რომელიც ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებასა და დამატებითი სარგებლის მიღებას ემსახურება. ბარათის მფლობელები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით და პარტნიორი კომპანიების სპეციალური შეთავაზებებით.
„ჩვენთვის მრავალენოვანი მომსახურება მხოლოდ თარგმნილი ინტერფეისი არ არის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა საბანკო სერვისებით სარგებლობისას თავი კომფორტულად იგრძნოს და მიიღოს ისეთი გამოცდილება, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს, იქნება ეს ციფრული არხები, ფილიალში მომსახურება თუ სხვა საბანკო ოპერაციები. სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ მრავალენოვანი მომსახურების განვითარებას და უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს ამ მიმართულებით კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - ამბობს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვავითარებთ მრავალენოვან მომსახურებას და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებლებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა მათთვის კომფორტულ ენაზე შეუძლიათ. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავამარტივოთ საბანკო სერვისებზე წვდომა და მომხმარებლებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და უახლოეს თვეებში მომხმარებლებს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ, რაც მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მათ საჭიროებებზე მორგებულს გახდის“, - აღნიშნავს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი.