ისტორიული ვერცხლი: მეტელკინამ და ბერულავამ საქართველო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიყვანეს!
საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
2026 წლის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამუდამოდ ჩაიწერება ქართული სპორტის ისტორიაში. წყვილთა ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვეს, რაც პირველი ოლიმპიური მედალია საქართველოსთვის ზამთრის თამაშების არსებობის მანძილზე.
წყვილმა, რომელიც ტურნირზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა, ყველა იმედი გაამართლა. ბელურავამ და მეტელკინამ “ბოლეროს”, Le Discours d’Arthur-სა და Keeping Me Alive-ის ფონზე ამაღელვებელი ესთეტიკის ნიმუში შემოგვთავაზეს და დამსახურებულ ოლიმპიური მედალს დაეუფლნენ.
ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას შედეგები:
• მოკლე პროგრამა: 75.46 ქულა (II ადგილი);
• თავისუფალი პროგრამა: 146.29 ქულა (II ადგილი);
• ჯამური ქულა: 221.75.
ოქროს მედლის მფლობელები იაპონელები, რიკუ მიურა და რიუჩი კიჰარა გახდნენ. აღსანიშნავია, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ იაპონური წყვილი მხოლოდ მე-5 ადგილს იკავებდა, თუმცა თავისუფალ პროგრამაში მათ წარმოუდგენელი რამ შეძლეს და თავისუფალ პროგრამაში 158.13 ქულა დააგროვეს. ამით, მათ ჯამური 231.24 ქულა დაუგროვდათ, რამაც იაპონიას წყვილთა ფიგურულ ციგურაობაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით, საქართველო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 1994 წლიდან ასპარეზობს და 26-ე ქვეყანაა, რომელმაც ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო.
მილანის ოლიმპიურ ვერცხლამდე ერთი თვით ადრე, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ერთგვარი სიმბოლიზმით, მათ მოკლე პროგრამაში შესანიშნავად შეასრულეს მორის რაველის საკულტო "ბოლერო" - მუსიკა, რომლითაც ლეგენდარულმა ბრიტანულმა წყვილმა, ტორვილმა და დინმა, 1984 წლის სარაევოს ოლიმპიადაზე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ქართულმა წყვილმა ორივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჯამური 215.76 ქულით დამსახურებულად გაიმარჯვა.
საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
16.10.2026.17:51
თიბისი კაპიტალი Euromoney-ს 2026 წლის Markets Awards-ის გამარჯვებულია. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელების შემდეგ, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ კომპანია აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესოდ (Georgia’s Best Equities House) აღიარა.
თიბისი კაპიტალი საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიენტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპანია სხვადასხვა ციფრული პლატფორმის მეშვეობით ემსახურება როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ინვესტორებს.
თიბისი ინვესტიციები - თიბისის მობაილბანკში ინტეგრირებული პლატფორმით მომხმარებლებს დაახლოებით 9,000 აქციასა და ფონდში ინვესტირება შეუძლიათ. ასევე, თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მობაილბანკიდან ამერიკის ბაზრების გარდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც სთავაზობს ინვესტირებას. საინვესტიციო პლატფორმას ამ ეტაპზე 200 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.
თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა - თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა გამოცდილ ინვესტორებს აშშ-ის, ევროპის, გაერთიანებული სამეფოსა და აზიის ბაზრებზე წვდომას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ აქციებით, ETF-ებით, ბირჟაზე სავაჭრო ოფციონებით, ობლიგაციებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით.
ინდივიდუალური საინვესტიციო მომსახურება - თიბისი კაპიტალი კლიენტებს სთავაზობს როგორც პასიური და აქტიური მართვის საინვესტიციო სერვისებს, ისე ტრეიდინგის საკონსულტაციო მომსახურებას. შეთავაზება მორგებულია თითოეული კლიენტის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის პროფილზე.
“თიბისი კაპიტალის მიზანია, ინვესტორებს სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობაზე წვდომა გავუმარტივოთ. ჩვენ ვფარავთ მსოფლიოს ძირითად ფინანსურ ბაზრებს და ყველა ტიპის ინვესტორს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ. ამ სერვისების განვითარებით ახალ შესაძლებლობებს ვაჩენთ საქართველოსა და რეგიონში. Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც თიბისი კაპიტალის ლიდერობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.