„ჯორჯია მეტალის" ქარხანაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90 %-ზე მეტი ადგილობრივია, გაფართოების შემდეგ კი ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი - ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული, თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარების ხელშეწყობაა - პრემიერი
მნიშვნელოვანია პროექტის სოციალური განზომილება, დღეს, „ჯორჯია მეტალის" მეტალურგიულ ქარხანაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90 %-ზე მეტი ადგილობრივია, ზესტაფონის მკვიდრი, გაფართოების შემდეგ კი, ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში, „ჯორჯია მეტალის" მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს ქმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
„ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს, ბატონებს - ავთანდილ კოჩაძესა და ზურაბ ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ პროექტის განხორციელებისთვის და მადლობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მხოლოდ ამ პროექტით არ გამოიხატება,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ავთანდილ კოჩაძისა და ზურაბ ღიბრაძის მათ მიერ დაფუძნებულმა მეორე კომპანიამ, GTM Group-მა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32-მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა პროექტის ფინანსურ პარტნიორს - „საქართველოს ბანკს" და მის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს.
„ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი - ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული, თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. მოგეხსენებათ, მთელი ამ წლების, განსაკუთრებით კი ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის, წარმოების და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.