კანონმდებლობისა და სებ-ის უფლებამოსილების თანხვედრის ფარგლებში, ნებისმიერი რეკომენდაციის გაზიარებისა და კონსულტაციებისთვის მზად ვართ, რაც მომხმარებელთა უფლებებს ეხება - ნათია თურნავა
ეროვნულ ბანკს გააჩნია ვალდებულება და უფლებამოსილება დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და ამ მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მუშაობას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებული საჩივრების ანალიზის საფუძველზე, სებ-მა მიიღო საკმაოდ მნიშნელოვანი გადაწყვეტილება და აკრძალა პენსიით და სოციალური გასაცემლით უზრუნველყოფილი სესხების და ფინანსური პროდუქტების პროაქტიური რეკლამა.
„დამეთანხმებით რომ ეს სწორი გადადგმული ნაბიჯია და ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება საჩივრების საფუძველზე მივიღეთ. ჩვენ ვზრუნავთ ჭარბვალიანობის პრევენციასა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სებ-ი აქტიურად დგას იმ უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რაც სესხის გაფორმების, გაცემის ან კომუნიკაციის ეტაპზე შეიძლება გამოიკვეთოს. ამასთან, მისივე განმარტებით, არსებობს სპეციფიკური საკითხები, რომელიც რეგულირდება საბანკო კონფიდენციალობით და ამიტომ არ ხდება იმ საკმაოდ ინტენსიური სამუშაოს გასაჯაროება, რაც სებ-ის მიერ ტარდება.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელსაც მუდმივად ვავითარებთ. კანონმდებლობისა და სებ-ის უფლებამოსილების თანხვედრის ფარგლებში, ნებისმიერი რეკომენდაციის გაზიარებისა და კონსულტაციებისთვის მზად ვართ“, - დასძინა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.