კაპიტალის ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა ადასტურებს ბაზრის მზარდ მნიშვნელობას კომპანიებისთვის - ეკატერინე მიქაბაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, მონაწილეობა მიიღო კომპანია „ნუტრიმაქსის" სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ემიტენტების გამოჩენა ადასტურებს კაპიტალის ბაზრის მზარდ როლს კომპანიებისთვის გრძელვადიანი რესურსების მოზიდვის მიმართულებით. მისი თქმით, ეს ტენდენცია, ერთი მხრივ, ბიზნესს დაფინანსების დამატებით შესაძლებლობებს უქმნის, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებს საინვესტიციო ინსტრუმენტების უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე სექტორული წარმომადგენლობის გაფართოებაზეც და აღნიშნა, რომ „ნუტრიმაქსი" ცხოველთა საკვების წარმოების სექტორიდან პირველი კომპანიაა, რომელმაც საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზარი სულ უფრო აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.
ეკატერინე მიქაბაძემ ასევე მიმოიხილა კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე არსებული დინამიკა და აღნიშნა, რომ 2025 წელი ემისიების მოცულობით რეკორდული იყო. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში, „ნუტრიმაქსის" ემისიის ჩათვლით, ხუთი ემიტენტის მიერ საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 330 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.
„ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა ადასტურებს კაპიტალის ბაზრის მზარდ მნიშვნელობას კომპანიებისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის პროცესში. ამასთან, ეს ინვესტორებისთვის უფრო მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
„ნუტრიმაქსის" მიერ გამოშვებული 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები 2 წლიანი ვადიანობისაა. ემისიიდან მიღებული სახსრები კომპანიას არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დაფინანსებისთვის მოხმარდება. ფასიანი ქაღალდები სს „თბილისის საფონდო ბირჟის" სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში იქნება დაშვებული.
„ნუტრიმაქსი" საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აკვაკულტურის საკვების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. კომპანია საქმიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ახორციელებს.
სხვა სიახლეები
“ვქმნით შესაძლებლობებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - არჩილ გაჩეჩილაძე Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატს შეხვდა
22.07.2026.19:15
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატს, ილია ჯახაიას შეხვდა. ილია ჯახაია Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, ბანკის დაფინანსებით, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე, Colorado School of Mines-ში სრული დაფინანსებით სწავლობს.
საქართველოს ბანკი უკვე წლებია, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერია და ახალგაზრდებს აშშ-ში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ახალგაზრდებს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი წელია 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით განათლების შესაძლებლობას. ერთ ერთინ ასეთი პროექტია Fulbright-ის პროგრამაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო საერთაშორისო განათლება, დააგროვოს უნიკალური გამოცდილება და ეს ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. წარმატებას ვუსურვებ ილია ჯახაიას და ყველა ახალგაზრდას, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება, ჩვენ კი ვაგრძელებთ განათლების შესაძლებლობების შექმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
„შეხვედრა ვისაუბრეთ ახალგაზრდების პროფესიული განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე. მათ შორის, ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის, საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დაბრუნებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე,- აღნიშნა ილია ჯახაიამ.
საქართველოს ბანკმა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ბანკის სტიპენდია მიიღო 17-მა სტუდენტმა. მომავალში ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტები მაგისტრის ხარისხს მათთვის სასურველი მიმართულებით იღებენ. მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება, შეიძინონ გლობალური გამოცდილება და ცოდნა საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის გამოიყენონ.
ინფორმაციისთვის, Fulbright 1946 წელს შეიქმნა და აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. პროგრამაში ყოველწლიურად მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან შერჩეული სტუდენტები მონაწილეობენ, ხოლო მისი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებში.