კაპიტალური ინვესტიციების კუთხით დაახლოებით 30 - 40%-იანი ზრდა იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში | ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
კაპიტალური ინვესტიციების კუთხით დაახლოებით 30-40%-იანი ზრდა იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„პროგნოზირებადობა, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია სექტორისთვის, ნებისმიერი სექტორისთვის და განსაკუთრებით ამ სექტორში ოპერირებადი კომპანიებისთვის. ჩვენ ხშირად გვაქვს ინტერაქცია მსხვილ შემსყიდველებთან, რომლებიც წინასწარ აცხადებენ თავიანთი შესყიდვების გეგმებს. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს 3- 4-5-წლიან გეგმებს.
კაპიტალური ინვესტიციების კუთხით ზრდა მნიშვნელოვნად არის დაგეგმილი და დაახლოებით 30-40%-იანი ზრდა იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ამას ემატება შუა დერეფნის აქტუალიზაცია და, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული.
ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, აცხადებს იმ ამბიციურ გეგმებს ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, რაც სახელმწიფოს აქვს, ეს მიიღწევა მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი კომპანიების არსებობის პირობებში და მე ხშირად ვიძახი ხოლმე, რომ მინდა, ეკონომიკურ სუვერენიტეტს მივაღწიოთ ამ სექტორში.
ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავდეს ძალიან ძლიერი ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სწორედ იმ დასახულ ამოცანებს შეასრულებენ, რომლებიც სახელმწიფოს აქვს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დღეს ამის ფინანსური შესაძლებლობები გვაქვს და ამ ნაწილში არ გვიჭირს. შესაბამისად, მთავარი არის, რომ სწორედ მოვახდინოთ ამ კომპანიების ხელშეწყობა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
პრემიერს არაერთხელ განუცხადებია, რომ ხარჯეფექტურობა და ასევე კორუფციის რისკების მინიმიზირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სექტორში. სწორედ ამ ნაწილში, ჩვენ იმ განცხადებულ პოლიტიკასთან ერთად, იმპლემენტაციის ნაწილზე ვხვდებით, რომ ცოტა გაზრდილი გვაქვს ბიუროკრატია გადაწყვეტილების მიღების კუთხით.
არადა, ერთის მხრივ, დღეს ფაქტობრივად ფასწარმოქმნის ნაწილში მთავრობის დადგენილებით ფასს ადგენს და განსაზღვრავს ექსპერტიზის ბიურო. ჩვენი ამოცანაა, მათ შორის, შემსყიდველების და ყველასი, ვინც ვმონაწილეობთ, რომ ის ერთეულის ფასები, რაც გვაქვს მოცემული, სწორად გადავიტანოთ ხარჯთაღრიცხვაში და სწორი ნორმები მივუსადაგოთ. სწორედ აქ გვაქვს გამოწვევა.
გამომდინარე იქედან, რომ ეს ფასწარმოქმნა ძალიან საჯარო გახდა, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კორუფციის რისკებს, რამეთუ ბაზარი და ფასი ყველასთვის ერთი არის და ეს აძლევს იგივე შემსყიდველებს გადაწყვეტილების მიღების გაცილებით უკეთეს საშუალებას.
ასევე, ერთი გარემოებაა: ნებისმიერ კონტრაქტს, მოგეხსენებათ, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით, არ აქვს ისეთი წინასწარ განსაზღვრული ყველა დეტალი, რომ მისი სრულად გათვალისწინება შესაძლებელი იყოს და ნებისმიერ პროექტში ცვლილებები ხდება.
შესაბამისად, ჩვენ, სექტორი, ვაფასებთ ეფექტურ ხარჯვას და ეფექტურად მართვას პროექტისას - თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხდება ცვლილებების შესრულების პროცესირება და გადახდები. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზომი, არამარტო ამ სექტორში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გვექნება“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
სხვა სიახლეები
ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა
23.09.2026.12:59
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მუმბაიში გამართულ Global Fintech Fest 2026 (GFF)-ში მიიღო მონაწილეობა.
Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გალდავამ მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღ პანელურ დისკუსიაში - „Building Trust in Cross-Border Payments“ (ტრანსსასაზღვრო გადახდებში ნდობის გაძლიერება). საუბარი შეეხო უსაფრთხო, სანდო და ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებას, მათ შორის, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობას, გადახდების სისწრაფისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ასევე, სხვადასხვა იურისდიქციის საგადახდო ინფრასტრუქტურებს შორის კავშირების გაძლიერებას.
ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება და საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე RTGS სისტემის დანერგვაზე, ISO 20022 სტანდარტზე გადასვლაზე, მყისიერი გადახდების სისტემის განვითარებასა და საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სისტემებთან სამომავლო დაკავშირებისა და ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობებზე.
Global Fintech Fest-ში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია ჭყონია.
ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის (RBI), NPCI International Payments Limited-ის (NIPL) და ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი ფინტექ კომპანიის - PhonePe-ის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განიხილეს საგადახდო სისტემების განვითარების აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, მათ შორის, მყისიერი და ტრანსსასაზღვრო გადახდების, თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური საგადახდო სერვისების განვითარების მიმართულებით.