ქართული ღვინო არის უნიკალური მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის - ჩინელი ღვინის პროფესიონალი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’ ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 14 კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.
ტურის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ, ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.
თბილისში სტუმრებისთვის სპეციალური დეგუსტაცია (Walkaround Tasting) გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის ღვინოების იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
„ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს აქვს დიდი მომავალი და პოტენციალი. ქართული ღვინო უნიკალურია, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ღვინის დაყენებისა და წარმოების განსაკუთრებული ტრადიცია, როგორიც არის ქვევრის ქარვისფერი ღვინის დაყენების განსხვავებული მეთოდი. ეს არის უნიკალური მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, დორიან ტანგმა.
დორიან ტანგი ერთ-ერთია „Meiburg Wine Media”-ის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული ხუთ ღვინის პროფესიონალს შორის, რომლებიც, 2022 წლიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, აზიის ქვეყნებში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.