Keepz-ი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი გახდა, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო
ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიის - Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა.
როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, Keepz-ი ს პრეცედენტს გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად იმოქმედებს ინოვაციების განვითარებაზე, კონკურენტულ გარემოსა და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდაზე ქვეყანაში.
"Keepz-ი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო. ასევე, პირველი ფინტექ კომპანიაა ბაზარზე, რომელიც გამოიყენებს თავის ბიზნეს მოდელში გადახდის ინიცირებას ღია ბანკინგით, რაც შეამცირებს როგორც ხარჯებს, ისე შუამავლებს დღეს არსებული ტრადიციული გადახდის არხებთან შედარებით", - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომელიც ღია ბანკინგს ახლავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს და ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები, ასევე სტარტაპები და დაინტერესებული პირები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.