„კერკი“ სასტუმროების ქსელებში შედის და ექსპორტისთვის ემზადება
კომპანია „კერკი“, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ჩირს, ჩურჩხელას, ცუკატებსა და ტყლაპებს სთავაზობს, სასტუმროების ქსელებში შედის და ექსპორტისთვის ემზადება.
როგორც Business Insider Georgia-ს საწარმოს ხელმძღვანელმა თამარ გაბეჩავამ განუცხადა „კერკის“ პროდუქცია ამ დროისთვის ბათუმის რამდენიმე სასტუმროშია წარმოდგენილი.
„ამ დროისათვის „კერკის“ პროდუქცია წარმოდგენილია ბათუმის „შერატონის“, „კასტელო მარეს“ და „ველმონდის“ სასტუმროების მინიბარებში. როდესაც ბათუმსა და აჭარის რეგიონს ავითვისებთ, ვგეგმავთ თბილისსა და სხვა რეგიონების სასტუმროებში პროდუქციის შეტანას,“, - ამბობს წარმოების ხელმძღვანელი.
წარმოების გაფართოების ფონზე, „კერკი“ ასევე პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
„ამ დროისთვის პროდუქციის ნიმუშები გადაგზავნილი გვაქვს გერმანიაში, ისრაელსა და აშშ-ში. ველოდებით პასუხს პოტენციური პარტნიორებისგან“, - ამბობს თამარ გაბეჩავა.
გარდა ტრადიციული თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელისა, „კერკი“ აწარმოებს ნუშის ჩურჩხელას და ალუბლის ფელამუშში ამოვლებული ჩურჩხელას, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ასევე კომპანიის ექსკლუზიური პროდუქციაა ალკოჰოლში დამზადებული ალუბალი, მარწყვი და წყავი. კომპანიას ბაზარზე გამოაქვს ბოსტნეულის - სტაფილოს, ჭარხლის, პომიდვრისა და მჟავე კიტრის ჩხირები.
ცნობისთვის, ჩირის მწარმოებელი საწარმო ,,კერკი" ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. კომპანია ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩურჩხელას სთავაზობს. საწარმო 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა და სეზონურად 40-მდე ადამიანს ასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 700 000 დოლარია. კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხის და ბანკის სესხის გარდა, პროექტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამების და საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ცნობისთვის, კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.
სხვა სიახლეები
„იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ქართული ფესტივალის „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია
21.08.2026.20:02
თანამედროვე ბიზნესი სცდება ვიწრო კომერციულ მიზნებს, კომპანიის წარმატება სულ უფრო მეტად იზომება იმ ღირებულებით, რასაც ის საზოგადო ინტერესებისა და ქვეყნის ზოგადი პოპულარიზაციისთვის ქმნის.
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა „იელთი ჯგუფის“ გადაწყვეტილება, გახდეს ნიუ-იორკში დაგეგმილი მასშტაბური ქართული ფესტივალის, „ზეიმის“ (ZEIMI) მთავარი პარტნიორი.
30 აგვისტოს, ბრუკლინის ცენტრში დაგეგმილი ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას და საქართველოს კულტურული თუ ბიზნეს პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
ერთი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცე ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ცენტრი გახდება. სტუმრებს დახვდებათ ღვინისა და კულინარიის სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. პატარა სტუმრებისთვის „იელთი ჯგუფი“ განსაკუთრებულ საბავშვო ზონას წარადგენს, ხოლო კომპანიის სპეციალურ სტენდთან დამთვალიერებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია ცხადყოფს, რომ კომპანიის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანურ ურთიერთობებთან და იმ საზოგადოების მხარდაჭერასთან, რომელიც ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან. "ზეიმის" მთავარი ღირებულებაც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ქართველები მეტად უკავშირდებიან სამშობლოს. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები კი ქვეყნის მრავალფეროვნებას ეცნობიან.
„იელთი ჯგუფის“ ჩართვა ამ პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მზაობას, გასცდეს ჩვეულებრივ კომერციულ ჩარჩოებს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.