„კეთილი და პატიოსანი“ ჩინეთსა და საამიროებში ექსპორტისთვის ემზადება
„კეთილი და პატიოსანი" საექსპორტო არეალს აფართოებს. დასალევი ხილ-ბოსტნეული და ხილფაფა ექსპორტზე 5 ქვეყანაში გავა, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში.
ქართული ბრენდი „კეთილი და პატიოსანი" ამ ეტაპზე გერმანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადის. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ახალაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, პროდუქცია გამორჩეული ნიშით დიდ ინტერესს იწვევს და გლობალურ ბაზრებზე ერთ-ერთ მოთხოვნად პროდუქტად ითვლება.
„წარმოებაშია 31 გემოს პროდუქტი, რომელიც ნატურალურია. არ ვხმარობთ დანამატებს და შაქარს, ვამზადებთ ბუნებრივად, მხოლოდ იმ პროდუქტებით, რაც მოდის. აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში. გარდა იმისა, რომ პროდუქტი ბუნებრივად სუფთა ინგრედიენტებისგან მზადდება, დიდ ინტერესს იწვევს იმითაც, რომ ანალოგიური სახით ნაკლებად იწარმოება. ეს არ არის კლასიკური სმუზი, სუფთა ხილფაფის ნაზავია, ვიდრე წვენი.
შეიძლება ითქვას, რომ ხილ ბოსტნეულია დასალევ მდგომარეობაში. აქტიურად გადის გერმანიასა და აშშ-ში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მალე გავალთ დიდი ბრიტანეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ჩინეთის ბაზრებზე. ჯამში, წლის ბოლომდე ხუთ ახალ ლოკაციაზე შევიტანთ პროდუქციას ", - ამბობს გიორგი ახალაძე.
მისი თქმით, „კეთილი და პატიოსანი“ არ არის გამაგრილებელი სასმელი, ეს არის ბლანტი და სქელი უფრო სმუზის ტიპის საკვები თხევად მდგომარეობაში. სიახლეს ქართველი მომხმარებელი კარგად შეხვდა.
„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. საწარმოში მუდმივად 22 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე დამატებით 15 ადამიანს ასაქმებს.
პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.