ხაჭაპურის ინდექსი, ბათუმის გარდა ყველა ქალაქში შემცირდა
აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.99 ლარი შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე, თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას iset ავრცელებს.
iset-ის მონაცემებით, წლიურ ჭრილში, აპრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგ ინგრედიენტებზე: რძე (+14.9%), საფუარი (+14.5%), კარაქი (+11.1%), კვერცხი (+3.7%), ფქვილი (+1.5%). თუმცა ყველის ფასი, რომელიც ხაჭაპურის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, 2022 წლის აპრილთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1.6%-ით შემცირდა.
თვიურ ჭრილში კი ინდექსის ღირებულება შემცირდა, რაც მეტწილად ყველის ფასის შემცირებამ განაპირობა, რომელიც წინა თვესთან შედარებით 11.6%-ით გაიაფდა. წინა თვესთან შედარებით ხაჭაპურის დანარჩენი ინგრედიენტების ფასებიც შემცირდა: კვერცხი (-4.8%), კარაქი (-2.0%), რძე (-1.7%), ფქვილი (-0.7%). ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიყვება ნედლი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც პიკს ივნის-ივლისში აღწევს. გარდა ამისა, იმპორტირებული აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარებაც იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებს ამცირებს.
„ქალაქების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ თვიურ ჭრილში (2023 წლის მარტთან შედარებით) ინდექსი ყველაზე მეტად ქუთაისში შემცირდა (-14.3%).
როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შემცირება დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცა: თბილისში 13.3%-ით შემცირდა, თელავში – 5.6%-ით. გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც მარტთან შედარებით აპრილში ინდექსი 3%-ით გაიზარდა. მიზეზი შეიძლება სააღდგომოდ ტურისტების შემოდინება იყოს, რამაც სურსათზე მოთხოვნა გაზარდა“, - განმარტავენ iset-ში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.