„ხობი 2 ჰესი“ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, ინვესტიცია კი 63 მლნ დოლარია - პრემიერი
ხობი 2 ჰესი არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხობი 2 ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება - 202 მლნ კვტ/სთ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას" წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა ამ ჰესის მშენებლობასთან ერთად, რაც მოიცავდა, მათ შორის, მდინარის გათევზიანებას, ადგილობრივი სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას, ნიკო კვარაცხელიას ფონდის მხარდაჭერას ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ასევე მუხურის ენდემური ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, გამრავლებას, ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა კომპანიას, კომპანიის ხელმძღვანელობას ამ ყველაფრისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.