„ხომლი“ ფართოვდება და ახალ ეტაპზე გადადის - კიდევ უფრო ფართო ხელმისაწვდომობა და პრემიუმ ხარისხის სუნელები ეკომეგობრულ მინის ქილებში
2026 წლის პირველი ნახევარი „ხომლისთვის“ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებისა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. როგორც „ხომლის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თათა დიდებაშვილი, აღნიშნავს, წლის მეორე ნახევარში კომპანიის მთავარი ფოკუსი ქსელების გაფართოება, ასორტიმენტის გაზრდა და ახალი პროდუქტის - „ფერილის“ მომხმარებლისთვის შეთავაზება იქნება.
როგორ შეაფასებდით „ხომლის" 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი „ხომლისთვის" მართლაც გამორჩეული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ამ პერიოდის მთავარი მიღწევა ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პოზიციების მკვეთრი გამყარება და ხელმისაწვდომობის ზრდაა. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და სრულფასოვნად შევედით ორ უმსხვილეს სავაჭრო ქსელში. დღეს, „ხომლის" პროდუქცია უკვე წარმოდგენილია „კარფურის" ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში, ასევე, „ნიკორას" ფართო ქსელში, რაც გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელთან.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა პროდუქტებზე 2026 წლის პირველ ნახევარში? რომელი პროდუქტები გამოირჩეოდა ყველაზე მაღალი მოთხოვნით და რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებლის ინტერესში?
გაყიდვების მაჩვენებლები და მომხმარებელთა უკუკავშირი ცხადყოფს, რომ ბრენდის მიმართ ნდობა ყოველდღიურად მზარდია. მოთხოვნის კუთხით, ტრადიციულად მყარ პოზიციებს ინარჩუნებს ჩვენი ტოპ-ხაზი: სვანური მარილი, მშრალი აჯიკა და შავი პილპილი.
ამასთან, განსაკუთრებული ტენდენცია გამოიკვეთა სადღესასწაულო პერიოდში - ჩვენმა სააღდგომო პროდუქციამ მომხმარებლის მხრიდან უპრეცედენტოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბაზარზე მაღალხარისხიან, სუფთა და ტრადიციულ პროდუქტებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.
რა შედეგები აქვს კომპანიას საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის მიმართულებით და რომელ ბაზრებზე გეგმავთ გაფართოებას 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?
საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
გაზაფხულზე, ბაქოში გამართულ საერთაშორისო მასშტაბურ ფორუმებზე - Caspian Agro და InterFood Azerbaijan - „ხომლის" სტენდმა და პროდუქციამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ამან რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დღესდღეობით, აქტიურ მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობის პროცესში ვართ ისეთ სტრატეგიულ ბაზრებთან, როგორებიცაა: ჩეხეთი, აზერბაიჯანი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები და მეზობელი ქვეყნები.
რა არის „ხომლის" მთავარი ფოკუსი 2026 წლის დარჩენილ პერიოდში და როგორი მოლოდინი გაქვთ წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით?
წლის ბოლომდე საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური გეგმები გვაქვს. ჩვენი სტრატეგია რამდენიმე ძირითად მიმართულებას ეფუძნება:
ქსელების გაფართოება: დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები 3 მსხვილ სავაჭრო ქსელთან, რაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ეს ნიშნავს, რომ „ხომლი" საქართველოს მასშტაბით დამატებით 1000-მდე ახალ ობიექტში იქნება წარმოდგენილი.
პროდუქციის დივერსიფიკაცია: ვმუშაობთ არსებულ ქსელებში ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე. ამ ეტაპზე ჩვენი საფქვავიანი სუნელები მხოლოდ „ნიკორაში" იყიდება, წლის ბოლომდე კი სხვა ქსელებსაც დაემატება. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჩვენი პრემიუმ მიმართულების - მინის ეკომეგობრულ ქილებში მოთავსებული 33 სახეობის სუნელის - მსხვილ სუპერმარკეტებში სრულად ინტეგრირებას.

ინოვაციური პროდუქტის ჩაშვება: ყველაზე გამორჩეული სიახლე ჩვენი ახალი, ექსკლუზიური ბრენდის - „ფერილი"-ს ბაზარზე ჩაშვებაა. ეს არის ფერადი კულინარიული მარილების უნიკალური სერია, რომელიც ქართული გასტრონომიული ბაზრისთვის აბსოლუტურ სიახლეს წარმოადგენს და დარწმუნებულები ვართ, მომხმარებელში ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს.
სხვა სიახლეები
26.10.2026.20:51
Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს ქართველი სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან
26.10.2026.18:29
Global Tech Weekend 2027 წელს ახალი, მასშტაბური გეგმებითა და უნიკალური ფორმატით იწყებს. 2026 წლის 5 დეკემბერს, მთაწმინდის პარკში, Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლის კონცეფცია, ხედვა, საერთაშორისო გაფართოების გეგმები და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობები ოფიციალურად დაანონსდება.
მთავარი სიახლე მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე გამართული აქტივობა იქნება: ქართველი სტარტაპები საკუთარ ბიზნესიდეებს საერთაშორისო ინვესტორებს ბორბლის კაბინებში წარუდგენენ.
“Pitch in a Ferris Wheel”: 6 წუთი, ერთი ბრუნი, მრავალი შესაძლებლობა
ორგანიზატორები ეძებდნენ ფორმატს, რომელიც სტარტაპის პრეზენტაციას სტანდარტული ბიზნესშეხვედრის ჩარჩოებიდან გამოიყვანდა და, ამავდროულად, რეალურ ბიზნესშესაძლებლობად აქცევდა. პანორამული ბორბლის იდეა სწორედ ამ ძიების შედეგად გაჩნდა. ისტორიაში პირველად, მთაწმინდის პანორამული ბორბალი მთლიანად ქართულ სტარტაპებსა და საერთაშორისო ინვესტორებს დაეთმობა, რომლებიც ღონისძიებისთვის სპეციალურად Global Tech Weekend-ის გლობალური ქსელიდან ჩამოვლენ.
თითოეულ დამფუძნებელს საკუთარი სტარტაპის წარსადგენად ბორბლის ერთი სრული ბრუნი, 6 წუთი ექნება. კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იქნებიან, სცენისა და აუდიტორიის გარეშე.
მთელი პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ამიტომ თითოეული გამოსვლა ხილული იქნება არა მხოლოდ კაბინაში მყოფი ინვესტორებისთვის, არამედ ფართო აუდიტორიისთვისაც. გამარჯვებული სტარტაპი იმავე საღამოს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. ორგანიზატორების თქმით, ეს მხოლოდ დასამახსოვრებელი სანახაობა არ არის: ფორმატის მიზანი ქართული სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირებაა, რომელიც გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
პანორამულ ბორბალზე გამართულ სესიაში მონაწილეობისთვის სტარტაპებისა და ინვესტორების განაცხადების მიღება მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაცია Global Tech Weekend-ის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდება.
Global Tech Weekend 2027: ახალი ეტაპი
პანორამული ბორბლის სესიის შემდეგ Mtatsminda Hall-ში გაიმართება Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური პრეზენტაცია. ორგანიზატორები წარადგენენ მომავალი წლის სრულ კალენდარს, კონცეფციასა და განვითარების ხედვას, მოძრაობის საერთაშორისო გაფართოების გეგმებსა და ახალ სტრატეგიულ პარტნიორობებს.
ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს 10-ზე მეტი სექტორის წარმომადგენლებს: ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინვესტორებსა და ვენჩურულ ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კორპორატიულ ლიდერებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, კრეატიულ ინდუსტრიებსა და მედიას.
„Global Tech Weekend-ის მისია ყოველთვის იყო ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მსოფლიოსთან დაკავშირება. 5 დეკემბერს ამ მისიას სრულიად ახალ განზომილებას შევძენთ. 2026 წელს სან-ფრანცისკოდან ტაშკენტამდე და თბილისამდე სხვადასხვა ტექნოლოგიური ეკოსისტემა დავაკავშირეთ. 2027 წელს გვინდა, საერთაშორისო მასშტაბი კიდევ უფრო გავზარდოთ, გავაფართოოთ პარტნიორთა ქსელი და გავაძლიეროთ კავშირები ქალაქებსა და ეკოსისტემებს შორის. ახალ სტრატეგიულ პარტნიორობებს ამ ხედვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ჩვენ მხოლოდ ღონისძიებების მასშტაბს არ ვზრდით. ჩვენ ვაშენებთ საერთაშორისო ქსელს, რომლის ღირებულებაც პარტნიორებს შორის უწყვეტ კავშირში, ცოდნის გაცვლასა და ახალ ბაზრებზე წვდომაშია", აცხადებს Global Tech Weekend-ის CEO მედეა ჯანჯღავა.
Global Tech Weekend 2026: სამი ქალაქი, ერთი გლობალური მოძრაობა
2026 წელი Global Tech Weekend-ისთვის საერთაშორისო გაფართოების წელი იყო. მოძრაობამ წელი მარტში San Francisco Business Week-ით დაიწყო, 15-17 მაისს Global Tech Weekend Tashkent გამართა, ხოლო 19-21 ივნისს თბილისში სამდღიან გლობალურ ტექნოლოგიურ ფესტივალს უმასპინძლა.
Global Tech Weekend Tbilisi 2026 ციფრებში:
10,000+ დამსწრე
250+ სპიკერი
300+ ინვესტორი
150+ პარტნიორი
12+ სექტორი
Global Tech Weekend 2027-ის გახსნა: დასწრება და რეგისტრაცია
Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 2026 წლის 5 დეკემბერს, Mtatsminda Hall-ში, დახურულ ფორმატში გაიმართება. მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით, Global Tech Weekend-ის ოფიციალურ Luma კალენდარში.
რეგისტრაცია: Luma-ს ბმული
დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეებისთვის ეწვიეთ Global Tech Weekend-ის ოფიციალურ ვებგვერდს: https://gtwt.ge/