ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში - თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას 24 მარტს გამართავს.
კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.
სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.
კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც განიხილება: გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები განვითარებადი ბაზრების მიმართ, საინვესტიციო შესაძლებლობები უზბეკეთში, აქტივების მართვა და ა.შ.
ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ლიდერ კომპანიებს, სარეიტინგო სააგენტოებს, ლოკალურ და რეგიონულ ინვესტორებს, ფინანსურ ექსპერტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.
კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან.
საერთაშორისო კონფერენციით, თიბისი კაპიტალი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი ინვესტორების მოზიდვას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა
08.06.2026.18:13
საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.