KiwiPost 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებს აფასებს და გაფართოებას გეგმავს
KiwiPost-ისთვის 2026 წლის პირველი ნახევარი საერთაშორისო მიმართულებების გაფართოებით, ახალი ბაზრის ათვისებითა და მომსახურების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით გამოირჩეოდა.
როგორ აფასებს KiwiPost 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგებს, როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა საერთაშორისო გადაზიდვებზე და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილი პერიოდისთვის - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერი ქეთი შანიძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით KiwiPost-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი KiwiPost-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ჩვენი მთავარი ფოკუსი იყო როგორც არსებული სერვისების გაუმჯობესება, ასევე ახალი მიმართულებებისა და შესაძლებლობების განვითარება.
განსაკუთრებით გამოვყოფდი საერთაშორისო მიმართულებების გაფართოებას, საოპერაციო პროცესების დახვეწას და მომხმარებლისთვის ამანათის მიღების პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას. აქტიურად ვმუშაობთ როგორც საკურიერო მომსახურების, ასევე გაცემის პუნქტების ქსელის განვითარებაზე, რათა მომხმარებელს თავად შეეძლოს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმის არჩევა.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებითაც პროცესების ავტომატიზაცია, პარტნიორებთან ინტეგრაციები და მომხმარებლისთვის უფრო მარტივი და სწრაფი ციფრული სერვისების შექმნა ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
2026 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად აუცილებლად გამოვყოფდი KiwiPost-ის საერთაშორისო გაფართოებას. გავხსენით KiwiPost-ის პირველი ფილიალი უზბეკეთში, ჩავუშვით აპლიკაცია და დავიწყეთ ოპერირება ახალ ბაზარზე. ეს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ჩვენი მიზანია, KiwiPost-ის გამოცდილება და სერვისები ეტაპობრივად საქართველოს ფარგლებს გარეთაც განვავითაროთ. ამ ეტაპზე KiwiPost უზბეკეთის აპლიკაციით სარგებლოს 20 ათასზე მეტი ადამიანი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მივიჩნევთ KiwiPost-ის ფილიალების ქსელის გაფართოებას და დღევანდელი მოცემულობით მომხმარებელს 9 ლოკაციას ვთავაზობთ საქართველოს მასშტაბით.
როგორ შეიცვალა მომხმარებლების მოთხოვნა საერთაშორისო გადაზიდვებზე წლის პირველ ნახევარში? რომელ მიმართულებებსა და სერვისებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი აქტივობა და როგორ პასუხობს კომპანია მომხმარებლის საჭიროებებს?
ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ მომხმარებლის ქცევა იცვლება. ონლაინ შოპინგი უფრო ინტენსიური და მრავალფეროვანი ხდება. მომხმარებელი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყნის ონლაინ მაღაზიებით და სულ უფრო აქტიურად ეძებს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმიდან გამოწერის შესაძლებლობას.
ჩვენს მომხმარებლებში კვლავ მაღალი აქტივობა ფიქსირდება აშშ-სა და ჩინეთის მიმართულებებზე. ასევე დავამატეთ ესპანეთის მიმართულება, რადგან ევროპული ბრენდების და პლატფორმების მიმართ ინტერესი აქტიურად იზრდება.
შეიცვალა მომხმარებლის მოლოდინიც სერვისის მიმართ. დღეს მისთვის მხოლოდ ამანათის საქართველოში ჩამოტანა აღარ არის საკმარისი. მომხმარებელს სურს სწრაფი ტრანსპორტირება, პროცესის გამჭვირვალობა, მარტივი დეკლარირება, მოქნილი გადახდის მეთოდები და მისთვის მოსახერხებელი მიწოდების მეთოდები.
სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ არა უბრალოდ საერთაშორისო ტრანსპორტირება, არამედ მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გამოცდილება ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენიდან მის მიღებამდე, რასაც ჩვენი აპლიკაცია უზრუნველყოფს.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?
2026 წლის მეორე ნახევრის მიმართ ძალიან მაღალი მოლოდინი გვაქვს. წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი პრიორიტეტია საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოება, ახალი პროექტების განვითარება, ფილიალების ქსელის ზრდა და ტექნოლოგიური პროცესების კიდევ უფრო მეტად ავტომატიზაცია.
ჩვენთვის წლის მთავარი შედეგი მხოლოდ გადაზიდული ამანათების ან ტვირთბრუნვის ზრდა არ იქნება. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლოს გვქონდეს უფრო ძლიერი ეკოსისტემა, მეტი მიმართულება, მეტი პარტნიორი, მომხმარებლისთვის მეტი არჩევანი და უფრო მარტივი ციფრული გამოცდილება.
ჩვენ გვინდა, რომ KiwiPost მომხმარებლისთვის იყოს არა უბრალოდ კომპანია, რომელსაც ამანათი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადააქვს, არამედ პლატფორმა, რომელიც მას გლობალურ ონლაინ ვაჭრობასთან აკავშირებს.
სხვა სიახლეები
„ხემსი“ ახალი პროდუქტების დამატებას და გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს
22.09.2026.14:00
„ხემსი“ ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პროდუქტისა და მარკეტინგის მენეჯერი ლიკა პავლიაშვილი Business Insider Georgia-სთან ბრენდის საქმიანობის, მიმდინარე ასორტიმენტის, მომხმარებლის მოთხოვნისა და განვითარების გეგმების შესახებ საუბრობს.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ხემსი - HEMSY ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ პერიოდში ბრენდი მომხმარებელს დღევანდელისგან განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობდა. გარკვეული პერიოდის პაუზისა და მცირე რეორგანიზაციის შემდეგ, HEMSY-ის წარმოება 2026 წელს ახალი კონცეფციითა და პროდუქციით განახლდა.
დღეს ჩვენი მთავარი მიმართულება არის გემრიელი და უფრო გააზრებული კვების ალტერნატივების შექმნა, რომლის მთავარი პროდუქტიც ამ ეტაპზე ჰუმუსია. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს კლასიკურსა და შოკოლადის ჰუმუსს, რომლებიც აერთიანებს როგორც ნოყიერ, ყოველდღიურ საკვებს, ისე ტკბილეულის უფრო განსხვავებულ, უშაქრო ალტერნატივას.

ჩვენი მთავარი იდეაა, რომ ჯანსაღი კვება არ უნდა ნიშნავდეს გემოსა და სიამოვნებაზე უარის თქმას. ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არის გემრიელი, მარტივად მოსახმარი და ადვილად ინტეგრირდება მომხმარებლის ყოველდღიურ კვებაში.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რა პროდუქტებზეა მომხმარებლის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ამჟამად ბრენდის ძირითადი ასორტიმენტი ორი პროდუქტით არის წარმოდგენილი:
• Classic Hummus - კლასიკური, კრემოვანი ჰუმუსი;
• Chocolate Hummus - ჰუმუსის განსხვავებული, დესერტული ინტერპრეტაცია, რომელიც საბოლოო ფორმით ძალიან მალე ჩაეშვება და ექნება 0 შაქარი.

ორივე პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია უშაქრო ფორმულა, ხოლო ბრენდის კომუნიკაციაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეულ ცილასა და ბოჭკოს.
მომხმარებლის ინტერესს განსაკუთრებით იწვევს შოკოლადის ჰუმუსი, რადგან ბაზარზე ჰუმუსის ასეთი ფორმატი შედარებით განსხვავებული და ახალი გამოცდილებაა, ხოლო კლასიკური ჰუმუსი ძირითადი და სტაბილური პროდუქტია. სულ მალე ჩვენი ძველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი, გოგრის გულის კარაქიც ჩაეშვება გაყიდვაში.
რას მიიჩნევთ „ხემსის“ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტებს ბაზარზე?
„ხემსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ჯანსაღი კვებისა და გემოვნური სიამოვნების გაერთიანება.
ჩვენ არ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ჯანსაღია". ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს რეალურად გემრიელი, საინტერესო და მარტივად ჩასასმელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
განსაკუთრებით გამოგვარჩევს ჰუმუსის განსხვავებული ინტერპრეტაცია - კლასიკური ჰუმუსის პარალელურად შოკოლადის ჰუმუსის შექმნა. ამასთან, HEMSY-ის პოზიციონირება ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა უშაქრო, მცენარეული ცილისა და ბოჭკოს შემცველობა და უფრო გააზრებული არჩევანის შეთავაზება მომხმარებლისთვის. შოკოლადის ჰუმუსის განახლებული ფორმულა 0 შაქარით, განსაკუთრებით საინტერესოა ინსულინრეზისტენტული, დიაბეტის მქონე მომხმარებლისთვის, ასევე 2 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან მას აქვს 0 გლიკემიური ინდექსი და სისხლში შაქრის დონეს საერთოდ არ ცვლის. შაქრის ნაცვლად გამოყენებულია ალულოზა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული და ჯანსაღი შაქრის ალტერნატივაა ბაზარზე.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა ახალი პროდუქტების ან მიმართულებების დამატებას განიხილავთ მომავალში?
„ხემსის“ მთავარი მიზანია ბრენდის უფრო ფართო დისტრიბუცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა პროდუქტი მომხმარებელმა სხვადასხვა რეალიზაციის წერტილში მარტივად იპოვოს.
ამასთან, გვსურს ეტაპობრივად გავზარდოთ ჯანსაღი სნექებისა და ყოველდღიური კვების პროდუქტების ბრენდად და არა მხოლოდ ჰუმუსის მწარმოებლად. შესაბამისად, სამომავლოდ განვიხილავთ ასორტიმენტის გაფართოებას ჰუმუსის გარდა სხვა პროდუქტების მიმართულებითაც, რომლებიც შეინარჩუნებს ბრენდის ძირითად პრინციპებს - გემრიელი, საინტერესო და უფრო გააზრებული კვების არჩევანი.
ასევე გვაინტერესებს ახალი ფორმატები და პარტნიორული მიმართულებები, მათ შორის სხვადასხვა კონცეპტუალურ სივრცეში ჩვენი პროდუქტის ინტეგრირება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პროდუქტი არა მხოლოდ მაღაზიის თაროდან, არამედ უკვე მზა კვების გამოცდილების ნაწილადაც გაიცნოს. ამჟამად ჰუმუსის შეძენა შესაძლებელია ფრესკოს, ევროპროდუქტის და ვოლტმარკეტის საშუალებით.