კომპანია „თოლიას“ გაყიდვები 23%-იან ზრდას აჩვენებს
მიმდინარე მაჩვენებლებით კომპანია თოლია - Tolia-ს გაყიდვები 23%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო უშუალოდ სანაყინეების მიმართულებით გაყიდვები 38%-ით არის გაზრდილი. კომპანია საქართველოს მასშტაბით სანაყინეების ქსელის გაფართოებას აქტიურად განაგრძობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა, ბერდია ბედიაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე „თოლია“ კიდევ 3 ახალ ფილიალს დაამატებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის უკან კომპანამ „სითი მოლში“ „თოლიას“ ახალი ფილიალი უკვე გაიხსნა. მანამდე იყო ფილიალის გახსნა „გორი მოლში“.
ამ დროისთვის „თოლია“ ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ სანაყინეს ფლობს. კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით, სანაყინეების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით გაიზარდა.
„თოლია“ დღეს ნაყინის ბაზრის ლიდერია და მისი წარმატება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის გამორჩეული მენიუთი და კონცეფციით, რაც კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.
„თოლია“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია ნაყინის ინდუსტრიაში. კომპანია, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს მომხმარებელს როგორც ინდუსტრიულ, ისე ჩამოსასხმელ ნაყინებს სთავაზობს.
„თოლიას“ სანაყინეები მომხმარებლებს მდიდარ მენიუს სთავაზობენ, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ვანილის ნაყინი სარგებლობს, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია გაყიდვებში. პოპულარობით მას მოსდევს შოკოლადის ნაყინი.
ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ძლიერი იმიჯია, რომელიც წლების განმავლობაში შექმნა. „თოლია“ საქართველოში ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი იყო, რომელმაც 90-იან წლებში მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზა, რაც დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ლოიალობას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.