კომპანიები, რომელთა მარკეტინგული ბიუჯეტიც შეიძლება რამდენიმე მილიონს აღწევდეს, მარკეტინგს მაინც ხარჯად განიხილავენ და არა ინვესტიციად საკუთარ მომავალში - დავით ბირმანი
ერთის მხრივ, რომ კომპანიისთვის შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ხელსაწყო გაჩნდა, რომელიც ცხოვრებას ამარტივებს, ხოლო მეორე მხრივ, მარკეტერისთვის ახალი ვალდებულებები წარმოიქმნა, - ასე პასუხობს მარკეტერი დავით ბირმანი კითხვას, რომელიც შეეხებოდა იმას, თუ როგორ შეცვალა მარკეტერის როლი ხელოვნურმა ინტელექტმა. მისივე განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ ინტერნეტში პოვნადობა, არამედ ისიც, თუ როგორ აღიქვამს და აღწერს მათ AI, რადგან მომხმარებლების ნაწილი გადაწყვეტილებებს უკვე საძიებო სისტემების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს.
„თუ ადრე კომპანია უნდა ყოფილიყო პოვნადი ინტერნეტში ადამიანებისთვის, ახლა კიდევ ერთი შრე დაემატა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა - რას ფიქრობს ჩვენზე AI, ანუ რა იცის ჩვენზე? შესაბამისად, მარკეტერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა, რომ სწორად აღწერილი იყოს AI-სთვის. ანუ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი თანამედროვე მომხმარებელი გადაწყვეტილებას უკვე აღარ იღებს, ასე ვთქვათ, დაგუგვლით, არამედ ამა თუ იმ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოსთან კონსულტაციის შედეგად - ეს ყველაზე დაბალ შრეზე. გარდა ამისა, ცხადია, მარკეტერებისთვის მათი საქმიანობის ყველა ასპექტში ბევრი ახალი ხელსაწყო გაჩნდა, რაც როგორც ამარტივებს, ისე ამდიდრებს მათ საქმეს, ანუ მათი კომუნიკაცია ბევრად უფრო ხარისხიანი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა დავით ბირმანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
მისივე თქმით, მარკეტინგის მიმართ ბიზნესის ნაწილის დამოკიდებულება კვლავ პრობლემად რჩება, რადგან კომპანიები მას ხშირად ხარჯად აღიქვამენ და არა ინვესტიციად, რაც შემდგომში მარკეტინგული სტრატეგიისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით დამატებით გამოწვევებს აჩენს.
„აი, „რეკლამა ხომ არ გაგვეკეთებინა, რა“ ანუ, ამ დონეზე უყურებენ. მათ შორის ძალიან მსხვილი მხარჯველებიც კი, ანუ კომპანიები, რომლებსაც მარკეტინგული ბიუჯეტი შეიძლება რამდენიმე მილიონიანი ჰქონდეთ, მაინც უყურებენ მარკეტინგს როგორც ხარჯს და არა როგორც ინვესტიციას მათ მომავალში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს მერე ის, რომ შეიძლება მრავალმილიონიან მხარჯველ კომპანიას გამოუცდელი მარკეტერების გუნდი ჰყავდეს, ანუ მაგაში არ აკეთებდეს ცალკე ინვესტიციას, ანუ ძლიერ გუნდს არ კრავდეს, ან სხვა მხარეს მიდიოდეს. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი შეცდომების არის თავმოყრილი იმის გარშემო, რასაც ჰქვია საკუთარი თვალით დანახული პერსპექტივა და არა მომხმარებლის თვალით დანახული პერსპექტივა. ანუ თვითონ 10 კაცი შეიკრიბება კომპანიაში და როგორც ისინი ხედავენ პროდუქტს, კომუნიკაციას, როგორც ესმით ყველაფერი, ისე გადიან ბაზარზე. საერთოდ არ უსმენენ მომხმარებელს. თუმცა, უმეტესად მაშინ ინტერესდებიან ხოლმე, როცა პირველი დაღმართი დაეშვება - მერე უფრო, როგორც წესი.
ამიტომ შეცდომებზე დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა ძირითადს გამოვყოფდი: რომ პირველი, რომ მარკეტინგი არის ინვესტიცია და მომხმარებელი, რომელსაც ვაყენებთ პირველ ადგილზე, ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელო ან ისეთი "About Us"-ში რომ წერია ხოლმე, რომ we are client oriented company. ანუ ეს უნდა იყოს იდეოლოგია. როდესაც გუნდში გვყავს გამოუცდელი ან ახალბედა ხალხი, შევსება უნდა მოხდეს გვერდიდან, ანუ კონსალტინგით, სხვა ტიპის გამოცდილების შესყიდვით და ამ ორის დაბალანსებით“, - განაცხადა მარკეტერმა.
სხვა სიახლეები
თაობა ახალი იდეებით - გაიცანით სალომე მიქელაძე, 23 წლის ასაკში შექმნილი სამი გამორჩეული სივრცით
12.06.2026.17:49
Breakfast is, კანცელარია და ლონდა ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახელებია - ამ სივრცეების უკან 23 წლის სალომე მიქელაძე დგას, რომელმაც შეუპოვრობით და მონდომებით დასახულ მიზნებს მიაღწია.
სალომეს გზა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. ამ დროს აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ადამიანებთან კომუნიკაცია მოსწონდა. საკუთარი ადგილის შექმნის სურვილმა პირველ პროექტამდე მიიყვანა და ასე გაჩნდა Breakfast is, იდეით, რომ ადამიანებს დღე ენერგიულად და დადებითი ემოციებით დაეწყოთ, რადგან საუზმე ხომ ზუსტად ის დროა, რომელიც მთელი დღის განწყობას ქმნის.
დილის ენერგიას მოგვიანებით საღამოს იდილიის შექმნის სურვილი მოჰყვა. კანცელარია შეიქმნა მათთვის, ვისაც სანთლის შუქზე საუბარი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, გემრიელი საკვები და ნატურალური ღვინო უყვარს.
“კანცელარია არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ჩემთვის ეს მხოლოდ რესტორანი ან ბარი არასდროს ყოფილა - უფრო შეხვედრების, ემოციების გაზიარებისა და მოგონებების შექმნის ადგილია.”
მესამე პროექტი ლონდა - შედარებით მასშტაბურია. მასში სალომემ წინა წლებში დაგროვილი ცოდნა და ხედვა გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ადგილი სხვადასხვა განწყობას ატარებს, მათი მთავარი იდეა მაინც საერთოა - ინტერიერით, მომსახურებით, გემრიელი მენიუთი სტუმრებისთვის განსაკუთრებული ემოციის შექმნა.
ყოველდღიური გამოწვევები და მოძრაობის სიყვარული
ამ ინდუსტრიაში სიმშვიდე იშვიათია. ახალგაზრდა ასაკში სამი სივრცის მართვა მუდმივ მოძრაობასა და გამოწვევებს ნიშნავს. სალომესთვის ეს პროცესი ყოველდღიურად ახალი პრობლემის გადაჭრის უნარს ითხოვს, რაც მისთვის საქმის განუყოფელი და საინტერესო ნაწილია:
“წარმატების გზაზე ყოველთვის იქნება რთული პერიოდები, დაღლა და იმედგაცრუება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა არ შეგცვალოს როგორც ადამიანი - შეინარჩუნო შენი დამოკიდებულება, ენთუზიაზმი და სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებ.”
სირთულეების დაძლევაში სალომეს ეხმარება ის, რომ მუდმივად ჩართულია საქმეში. როგორც ამბობს, ბიზნესის განვითარება შეუძლებელია პროცესზე უშუალო დაკვირვებისა და მასში მონაწილეობის გარეშე.
მომავლის ხედვა და ახალი იდეები
სალომე გაჩერებას არ აპირებს. წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებია და ახლა უკვე ისეთ ბრენდზე ფიქრობს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და სტუმართმოყვარეობის კულტურაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.
შეუპოვრობა იმ თაობის საერთო განწყობაა, რომელსაც საკუთარი ენერგიით რეალური ცვლილებები მოაქვს. თაობას, რომელიც სულ მოძრაობს, არ ჩერდება და არ ასვენებს ახალი იდეები, მოჰყავს მომავალი, უფრო ძლიერი, ლაღი და თავისუფალი.