„კომპანიებს ვაძლევთ თავისუფლებას, აირჩიონ მათთვის სასურველი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობის ხარჯებს სააგენტო 80-90%-მდე გრანტის სახით აუნაზღაურებს" - მიხეილ ხიდურელი
"სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს" - ამის შესახებ "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ექსპორტის მხარდამჭერი ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოვონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.
"დღესდღეობით, ექვსზე მეტი პროგრამა გვაქვს დანერგილი, გადამზადების თუ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ მუდამ ვფიქრობთ განვითარებაზე და ჩვენი გუნდის ინიციატივით, ექსპორტიორ კომპანიებს ახალ პროგრამას ვთავაზობთ, რომლითაც ყველა მეწარმეს ინდივიდუალურად ვაძლევთ საშუალებას, თავად აირჩიოს საერთაშორისო გამოფენა, თუ თვლის რომ ის გამოფენები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს კალენდარში, მისთვის საკმარისი არ არის და სურს მეტად გააფართოვოს არეალი. კომპანიებს ვაძლევთ თავისუფლებას, აირჩიონ მათთვის სასურველი ქვეყანა და გამოფენა, სააგენტო კი 80-90%-მდე გრანტის სახით აუნაზღაურებს ხარჯებს. დავფარავთ ყველა სტრატეგიულ ბაზარს - იქნება ეს აშშ, თუ ევრაზიის კონტინენტი, ასევე აფრიკის ნაწილი. საერთაშორისო გამოფენა ყველაზე ეფექტური გზაა მეწარმემ იპოვოს პროდუქციის შემსყიდველი.
ჩვენი სტატისტიკით, ყოველი მეორე და მესამე მონაწილეობა გამოფენაში, კომპანიას საშუალებას აძლევს გაიტანოს პროდუქცია ექსპორტზე. ასე რომ, მოვუწოდებ ექსპორტიორ კომპანიებს, გაეცნონ ახალ პროგრამას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თუ ფიქრობენ კონკრეტული მიმართულებით გეოგრაფიულ გაფართოებას, ჩვენ მათ დავეხმარებით საერთაშორისო გამოფენებზე" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
ახალი პროგრამის ფარგლებში, სააგენტო კომპანიებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისას სივრცის ქირავნობის, სტანდარტული სტენდის მშენებლობისა და რეგისტრაციის ხარჯებს აუნაზღაურებს. ერთი წლის განმავლობაში, ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 5 000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად. ინდივიდუალური ექსპო გრანტის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები, საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მწარმოებლები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.