კომპანიის გაყიდვები 32%-ითაა გაზრდილი - „ელპლუსი“
სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპანია „ელპლუსი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 19 წელია ოპერირებს ახალი საწარმოს მშენებლობასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
Business Insider Georgia-სთან „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი ამბობს, რომ 2024 წელი გაყიდვების თვალსაზრისით კომპანიისთვის წარმატებულია.
„ჯამურად კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია 7 თვის ჭრილში 32%-ითაა გაზრდილი.
ვგეგმავთ დიზაინის განახლებას და უფრო მრავალფეროვანი პროდუქციით შევალთ ბაზარზე“, - აცხადებს „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.
მისი თქმით, კომპანიის ძირითადი მიზანია, გარე ბაზრებზე გასვლა. ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და ა.შ.
„უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საწარმო ხაზის გაფართოებას. ახალი საწარმოსთვის 20 მილიონის ფარგლებში უკვე დამტკიცებულია საკრედიტო ხაზი. ჩართულია EBRD, რომლის დახმარებითაც უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ დიდ პროექტს. წარმადობა რამდენჯერმე გაიზრდება. როდესაც ვგეგმავთ ექსპორტს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი უნდა დავიცვათ. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ, თუმცა გარე ბაზრისთვის ეს სიმძლავრე საკმარისი არ არის“,- ამბობს Business Insider Georgia-სთან „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი.
მისი ინფორმაციით, ახალი საწარმოს ასაშენებლად ტერიტორია უკვე მოძებნეს და ახლა სახელმწიფო უწყებებისგან ელიან შესყიდვაზე თანხმობას.
„საწარმო თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვება, რაც წარმადობას გაზრდის. თუ ახლა დღეში 50 ცეცხლგამძლე კარს ვაწარმოებთ, შესაძლებელია წარმადობა გაიზარდოს 500 კარამდე. მაგალითად დღეს თუ მასალიდან გვრჩება უფრო მეტი ნარჩენი, თანამედროვე დანადგარებით შესაძლებელია უფრო ნაკლები დანახარჯებით წარმოება. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლის ბოლომდე საწარმო გაუშვათ“, - ამბობს ვაკო საღირაშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.