კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ელ.ბილეთების" საჩივრის საფუძველზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი შეეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს.
მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ" კანონის მე-6 მუხლი) და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს ე.წ. კარტელური გარიგებებს ("კონკურენციის შესახებ" კანონის მე-7 მუხლი) გულისხმობს.
დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფატზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.
ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს - საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.