კონკურენციის სააგენტომ, ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში ახალი სუბიექტი დაუშვა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში, შპს „რეპსოლის", შპს „პორტალის" და შპს „ექსას" მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 1 397 855 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 383, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1 211. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=1 132, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსია HHI=1 163, ინდექსის ცვლილება ΔHHI=31.
2023 წელს, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი (HHI ინდექსი) შეადგენდა 1 167 ერთეულს. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ, სამიზნე და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ 2023 წელს იმპორტირებული საწვავის რაოდენობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კონცენტრაციის ინდექსის ზრდა 18 ერთეულით - 1 185 ერთეულამდე. შესაბამისად, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.
ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარის / მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.