კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრე ვალდებულია მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ლანა ყანჩელის განცხადების საფუძველზე, „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზას" მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.
საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა - იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა. კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. ასევე, ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტები ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს.
გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.
მსგავსი ტიპის საქმეებში, საკითხის შინაარსობრივი ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, ხოლო 109 საქმესთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია. 5 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე - 28 შეთანხმება გააფორმა, საიდანაც 11 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 5 დარღვევის ფაქტი - 16 საქმეზე, ხოლო 2 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.