კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი ბაზრობებზე მოდის, რასაც შემდეგ უკვე სავაჭრო მოლები მოსდევს, ბოლოს კი ცენტრალური სავაჭრო ქუჩებია - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი
სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების ბაზარი გარდამავალ ფაზაშია და მომდევნო წლებში მიწოდების ტემპის დაჩქარებული ზრდაა მოსალოდნელი, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი ზუკა თავყელიშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ზუკა თავყელიშვილი განცხადებით, თბილისში სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 2025 წლის ბოლოსთვის 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია, სადაც ყველაზე დიდი წილი ბაზრობებზე მოდის, ხოლო სავაჭრო მოლებსა და ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებს ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავიათ.
„საკმაოდ დიდი ხანია, ამ ბაზრებზე ასეთი დეტალური კვლევა არ გვქონია. როგორც, მაგალითად, გასულ წელს სასაწყობო ბაზარი გააქტიურდა და ჩვენც მაქსიმალურად დროულად მოვახდინეთ რეაგირება და ბაზარს კვლევის შედეგები შევთავაზეთ, სწორედ ასეთივე მომენტი იყო ახლაც, როდესაც საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა.
სავაჭრო უძრავი ქონებით რომ დავიწყოთ, ჩვენს კვლევაში სამი ძირითადი სავაჭრო ფორმატი გვქონდა განხილული: ბაზრობები, სავაჭრო მოლები და ცენტრალური სავაჭრო ქუჩები. მათგან, 2025 წლის ბოლოსთვის, ჯამური მოცულობა კონკრეტულად თბილისში 1 300 000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი წილი ბაზრობებზე მოდის, რასაც შემდეგ უკვე სავაჭრო მოლები მოსდევს, მთლიანი მიწოდების მესამედით. ბოლოს კი ცენტრალური სავაჭრო ქუჩებია, ეგრეთ წოდებული High Street Retail, რომელსაც 9%-იანი წილი უჭირავს. ამ მიმართულებით ოთხი ძირითადი გამზირი გვაქვს მიმოხილული: რუსთაველი, ჭავჭავაძე, პეკინი და აღმაშენებელი“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.
„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.
მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.
მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.
სხვა სიახლეები
ახალი პროდუქტები, გაფართოებული ქსელი და მეტი ხელმისაწვდომობა - როგორ ხვდება Mini Melts ზაფხულის სეზონს
02.06.2026.14:00
Minimelts პირველი ნანო-ნაყინია საქართველოში, რომელიც თხევადი აზოტის ტექნოლოგიით მზადდება. Minimelts-ის მთავარი ბუღალტერი, ქეთო კახიძე Business Insider Georgia-სთან კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
რა სიახლეებით ხვდება Mini Melts ახალ სეზონს - თუ დაემატა ახალი გემოები, ან ლოკაციები?
Mini Melts ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. ჩვენს ასორტიმენტს დაემატა ახალი პლომბირის ნაყინები, რომელთა დაგემოვნებაც ბათუმში, კაფე Mini Melts-ში (ჰ. აბაშიძის N60) არის შესაძლებელი. ამასთან, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენი ნაყინი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, დღეს უკვე წარმოდგენილი ვართ ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა „სითი მოლი“, „გალერეა თბილისი“, „ვაკის პარკი“, „თბილისი მოლი“ და სხვა მრავალი.
ზაფხულის სეზონი ნაყინის ბიზნესისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია - როგორია მომხმარებლის მოთხოვნა წელს და რა ტენდენციებს ხედავთ?
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ, უმაღლესი ხარისხის ნაყინს ვთავაზობთ და ვცდილობთ, ჩვენი პროდუქციის გაცნობა და დაგემოვნება მათთვის სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ.
დღეს მომხმარებელთა ქცევასა და არჩევანზე სოციალურ მედიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, როგორც პროდუქციის სწორად წარმოჩენას, ისე მომხმარებლების უკუკავშირსა და შეფასებებს. ამასთან, შევნიშნეთ მზარდი მოთხოვნა ხელმისაწვდომ ლოკაციებზე, რის გამოც აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე, რათა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს Mini Melts-ის ნაყინის დაგემოვნების შესაძლებლობა.
გასულ პერიოდში საუბრობდით ქსელურ მარკეტებში შესვლის გეგმაზე - რა ეტაპზეა ეს პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია რითეილ მიმართულება კომპანიისთვის?
რითეილ მიმართულების განვითარებაზე ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა, რის შედეგადაც პროდუქცია დღეს უკვე „სმარტის“, „ვეი-მარტისა“ და „ევროპროდუქტის“ ფილიალებშია წარმოდგენილი. ამ ეტაპზეც აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ქსელურ მარკეტებთან. რითეილ სექტორი მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანისა და გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არხია. რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება პროდუქტი, მით უფრო იზრდება მისი ცნობადობა და მოთხოვნა, რაც კომპანიის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორია კომპანიის განვითარების გეგმები მიმდინარე სეზონსა და წლის ბოლომდე, რა მიმართულებებზე გააკეთებთ ძირითად აქცენტს?
კომპანიის მიმდინარე მიზანია ბრენდის ცნობადობის ზრდა და პროდუქტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი ლოკაციებისა და პარტნიორი ობიექტების მოძიებას, ასევე ქსელური მარკეტების გაფართოებას. მთავარი აქცენტი კეთდება ხარისხის შენარჩუნებაზე, ახალი პროდუქტების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტული გამოცდილების შექმნაზე - რათა მათ შეძლონ Mini Melts-ის ნაყინის შეძენა იქ, სადაც სურთ და როცა სურთ.