ლაშა გზირიშვილი - მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სტრატეგია ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას
საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის მარეგულირებლისთვის, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით წლებია აქტიურად ვმუშაობთ, - განაცხადა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა, საქართველოს მთავრობის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შეფასებისას.
გზირიშვილმა აღნიშნა, რომ სებ-ი, სხვა მარეგულირებლებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებასა და ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, სებ-ში მომხმარებლების მომართვიანობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.
„აქტიურად ვმუშაობთ ნორმატიული ბაზის შემუშავებისა და მუდმივი დახვეწის, მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატის მოწესრიგების, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების მაღალი სტანდარტის დაწესების მიმართულებით. აღნიშნული, თავის მხრივ, მომხმარებლებს მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება და საფინანსო სექტორში კიდევ უფრო კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას უწყობს ხელს", - აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.
ოთხწლიანი სტრატეგია საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ცვლილებებს, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და სექტორის მარეგულირებელი უწყებების - ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მომზადდა. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.