ლევან დავითაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტს“-ს 10 წლის იუბილე მიულოცა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ჯეორჯიან პროდაქტს“-ის 10-წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმოს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ კომპანია სახელწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
„ჯეორჯიან პროდაქტსი“ შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქცია წარმატებით გააქვს ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. კომპანია პროდუქციის 100-ზე მეტ სახეობას აწარმოებს, რომლებიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული ნედლეულით. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიამ ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით - კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიას გადაეცა 10 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2014-2020 წლებში ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, კერძოდ, კრედიტის/ლიზინგის პროექტებზე პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით. „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში, შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“-ს ჯამში ათვისებული აქვს 3,458,199 ₾ (1 სესხი, 4 ლიზინგი) 5 პროექტის ოდენობით, რომლის მიზნობრიობა საწარმოს მშენებლობა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა იყო. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 4 000 000 ლარზე მეტი შეადგინა.
„ეს არის წარმოება, რომელიც, ფაქტობრივად, ახალ ინდუსტრიას, საექსპორტო პროდუქციას ქმნის და ასაქმებს საქართველოში ადამიანებს. ვფიქრობ, კომპანია იმის კარგ მაგალითს იძლევა, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება კონკურენტუნარიანი, წარმატებული წარმოების შექმნა, რაც სახელმწიფოს სამრეწველო პოტენციალის გაძლიერების ნაწილია. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ყველაზე რთულ, საწყის ეტაპზე ბევრ საწარმოს დაეხმარა, მისი მიზანიც ეს იყო - ქვეყანაში ასეთი ტიპის მეტი ბიზნესი შექმნილიყო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მაღალტექნოლოგიური საწარმოო ბაზა, წარმოების უწყვეტი ციკლი, ეკომეგობრული სტანდარტი და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო - ის მახასიათებლებია, რომლითაც საწარმო გამოირჩევა და რის გამოც ევროკავშირის მილიონზე მეტი მომხმარებლის ოჯახი სარგებლობს პროდუქციით “MADE IN GEORGIA”, რაც ხარისხის განმსაზღვრელ ნიშნად იქცა.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ამ კუთხით კიდევ დიდი შესაძლებლობები აქვს. მათ შორის პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ გეგმაში აქვს, მნიშვნელოვნად გაზარდოს წარმოების პოტენციალი და ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის წარმოებებს, რადგან ისინი საშუალებას იძლევა, სრულად იქნას ათვისებული ის უპირატესობები, რასაც თავისუფალი ვაჭრობა ქმნის.
„საქართველოში წარმოებული პროდუქცია რომ კონკურენტუნარიანია, სახელმწიფოს მიერ სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგია. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ სრულად ავითვისოთ ის სამრეწველო პოტენციალი, რომელიც ქვეყანას აქვს. ჩვენ თავიდან ვქმნით ამ სამრეწველო პოტენციალს, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ადამიანი დავასაქმოთ ღირსეულად, წარმატებულები ვიყოთ და მეტი ეკონომიკა შევქმნათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.