სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა - ცესკო ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგებს აქვეყნებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც 8 ივნისს დილით ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგად განაცხადა, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% მიიღო.
ოპოზიციურმა ალიანსმა „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც სომხური წარმოშობის ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, ხმების 23,29% მოიპოვა. ოპოზიციური ძალების მეორე ბლოკი -„სომხეთი“, რომლის სათავეშიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დგას - 9,94%-ს იღებს.
მეოთხე ადგილზეა ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც ხმების ზუსტად 4% დააგროვა. ყოფილი ომბუდსმენის, არმან თათოიანის პარტიამ „ერთობის ფრთები“ კი ამომრჩეველთა 2,3%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
შედეგად, „სამოქალაქო კონტრაქტი“ 61 მანდატს მიიღებს, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 28 მანდატს, ბლოკი „სომხეთი“ - 11 მანდატს, ხოლო „ერთობის ფრთები“ - 5 მანდატს.
საბოლოო აქტივობამ 58,97% შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე 2018 და 2021 წლის არჩევნებზე.
სხვა სიახლეები
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - დეტალები
14.07.2026.17:35
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში სტარბაქსი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც ფლობს Alshaya ჯგუფი. Alshaya ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუვეითური ჯგუფი, რომელიც ფლობს ევრაზიაში და არამარტო კიდევ უფრო მეტ რეგიონში სტარბაქსის გენერალურ ფრანჩიზას შესაბამისად, მხოლოდ ამ კომპანიას აქვს უფლება ჩვენს რეგიონში გახსნას სტარბაქსი. სტარბაქსთან ერთად კომპანიას აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიც არის მაგალითად H&M, Victoria's Secret, Shake Shack
და ბევრი სხვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ სტარბაქსით და არ
შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიც მაგალითად არის Primark-ი. რაც შეეხება მნიშვნელობას, ეს კომპანია არის დაახლოებით 30 მილიარდის ღირებულების შესაბამისად, ესეთი კომპანიის დაინტერესება საქართველოთი არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე თუ შევხედავთ თვითონ ბრენდს ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ მაღალმხარჯველიანი ტურისტები მოვიზიდოთ, ამიტომ როდესაც საუბარია სერვისებზე და სხვადასხვა ტიპის ბრენდებზე რა თქმა უნდა სტარბაქსი არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელიც განვითარებულ ქალაქებს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს და მოხარულები ვართ რომ თბილისი უკვე ამ რიგებს შეუერთდა.
იქედან გამომდინარე, რომ კომპანია უკვე პირველივე კვირას ხედავს რომ წარმატებულია და ხალხმა იცის ბრენდი, ვგეგმავთ აუცილებლად კომპანიასთან ერთად ვიმუშაოთ ახალ ლოკაციებზე, ახალ ქალაქებზე და ამის შესახებ ალბათ ძალიან მალე გაგაგებინებთ“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.