ლიონიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შესრულდა
გვიან ღამით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლიონიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა 86 მგზავრით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სადღესასწაულო გარემო დახვდათ. აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად პირველი რეისის მგზავრებს საჩუქრები დაურიგდათ.
ლიონი, არის საფრანგეთის მესამე ქალაქი, რომელიც პარიზისა და ნიცას შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით უკავშირდება. ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.