„ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციების მფლობელების ზარალისგან დახსნას E&Y-ი ცდილობს
ოფიციალური მონაცემებით ვიგებთ, რომ ლისი დეველოპმენტისა და „გრანთ თორთონის“ მრავალმილიონიანი შეცდომა სავარაუდოდ E&Y გამოასწორა.
თუმცა, რჩება მხოლოდ ერთი დაშვება - აუდიტორულმა კომპანია „გრანთ თორთონმა“ უმნიშვნელოვანესი პროფესიული შეცდომა დაუშვა: კომპანიამ ან არაკვალიფიციურად შეამოწმა, ან მხოლოდ ფორმალურად დაეყრდნო „ლისი დეველოპმენტის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ორივე შემთხვევაში „გრანთ თორთონის“ არაკვალიფიციური დასკვნით, რომელიც აუდიტის დროს მილიონობით ლარის არასწორ აღრიცხვას ეხება „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციების მფლობელები სერიოზული რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
რა მოხდა რეალურად და რატომ დაუშვა შეცდომა „გრანთ თორთონმა“, დეტალების გასარკვევად Business Insider Georgia „გრანთ თორთონს“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ „ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაკეთებთ კომენტარს“.
ამის შემდეგ Business Insider Georgia EY Georgia-ს დაუკავშირდა, რათა გაერკვია „გრანთ თორთონის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა ეს იყო არაპროფესიონალიზმის, თუ დაუდევრობის შედეგი. EY Georgia-ში დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ კლიენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე მესამე პირებთან ანუ ჩვენთან, მედიასთან ვერ ისაუბრებდნენ.
„მოგესალმებით, გწერთ კომპანია „იუაი" საქართველოდან, მივიღეთ თქვენი წერილი და უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით დაკავშირებისთვის.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენი პროფესიული და სამართლებრივი ვალდებულებების გამო, კლიენტებთან დაკავშირებულ საკითხებს ვერ განვიხილავთ მესამე პირებთან“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც EY Georgia-მ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად მიწერა.
როგორც ცნობილია, კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტი”-ს (სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ნიკა ხაზარაძე, ეკატერინე შავგულიძე, ბობ მეიერი, თამარ ჯაფარიძე) აუდიტორული კომპანია „Ernst & Young“-ის შემოწმების შედეგად, კომპანიის ფინანსური ანგარიშგებასთან დაკავშირებით არსებითი ხარვეზები/შეცდომები გამოიკვეთა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კომპანიის მიერ გამჟღავნებულ ფინანსურ მონაცემებზე.
კერძოდ, EBIDTA (გამოთვლილია, როგორც საოპერაციო მოგებას გამოკლებული საოპერაციო ხარჯები) თითქმის განახევრდა და 3,217.000 აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო EBIDTA ერთჯერადი ტრანზაქციის გამოყენებით უფრო მეტად, თითქმის 57%-ით შემცირდა - კერძოდ, 5,660.000 აშშ დოლარიდან 2,443.000 აშშ დოლარამდე. ამასთან, კომპანიას ფინანსური დანახარჯები 645.000 აშშ დოლარით გაეზარდა, რაც დანახარჯების თითქმის 58%-იან ზრდას უდრის და ასვე, 2021 წლის მოგება შემცირდა 2.159.000 აშშ დოლარით.
ამასთან, ფინანსური ინფორმაციების გადაანგარიშების შედეგად, კომპანიის მარაგები 34,468.000 აშშ დოლარით შემცირდა, რაც თითქმის 62%-იანი კლების ტოლია, ხოლო საინვესტიციო ქონება 24,24%-ით გაიზარდა. ასევე, კომპანიის გრძელვადიანი ვალდებულებები 7.83%-ით, ანუ 1,280.000 აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო მოკლევადიანი ვალდებულებები 3,355.000 აშშ დოლარით გაიზარდა, ანუ რაც თითქმის 37%-იან ზრდას უდრის.
ჯამში შემცირდა ასევე კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 7,138.000 აშშ დოლარით, ასევე კომპანიის მფლობელებზე მიკუთვნებაში საკუთარი კაპიტალი 4,903.000 აშშ დოლარით შემცირდა და საკუთარი კაპიტალი და ვალდებულებები 2,828.000 აშშ დოლარით.
არსებული გარემოებებიდან გამომდინარე ემიტენტი ობლიგაციების მფლობელებს სთავაზობს ობლიგაციების ვადამდე განაღდებას.
თავად დეველოპერული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ განმარტავს, რომ კომპანიამ განახორციელა რიგი ცვლილებები, კორპორატიული მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, როგორც გუნდის, ასევე შიდა პოლიტიკების და პროცესების მიმართულებით. მათ შორის, ჩაანაცვლა აუდიტორული კომპანია და მოიწვია დიდი ოთხეულის წარმომადგენელი კომპანია „ერნსტ ენდ იანგი“. შედეგად კომპანიამ ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახორციელა აღრიცხვის პოლიტიკის ცვლილება და კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გამჭირვალობისა და კონსისტენტურობის გაუმჯობესება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.