ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიები მონაწილეობენ
15-17 მაისს, ლონდონის საგამოფენო ცენტრში Olympia London ტარდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2023, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის გახსნაზე, საქართველოს სტენდის სტუმრებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და დესპანი გიორგი საგანელიძე მასპინძლობდნენ.
წელს, London Wine Fair 2023-ში მონაწილეობს 29 ქვეყნის 415 კომპანია, რომელთაც სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლიანი სასმელი აქვთ წარმოდგენილი. პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან, ათასობით სტუმარი - ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება. გამომდინარე აქედან, London Wine Fair წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო 2022 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) გამარჯვებული ქართული ღვინოები.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.
გამოფენა London Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.