Loomba განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - ბრენდი Food Lab-ის გახსნას გეგმავს
Loomba ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც 2022 წელს შეიქმნა და მომხმარებელს ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ ჯანსაღ სნექებს სთავაზობს. ბრენდის განვითარების, პროდუქციის ასორტიმენტისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Loomba-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი, მაშო იოსელიანი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
Loomba ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც 2022 წელს შევქმენით ერთი მარტივი იდეით - ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს არ უნდა უწევდეთ არჩევანის გაკეთება გემოსა და ხარისხს შორის.
დატვირთულ რეჟიმში ხშირად ყველაზე მარტივი არჩევანი ყველაზე ნაკლებად სასარგებლოცაა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებით, აქვს კარგი კვებითი ღირებულება, მარტივად ერგება თანამედროვე, დატვირთულ ყოველდღიურობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნამდვილად გემრიელია.
დღეს Loomba-ს პროდუქცია წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან სავაჭრო ქსელებში, სპეციალიზებულ მაღაზიებში, კაფეებსა და ფიტნესცენტრებში. თუმცა თავიდანვე ჩვენი მიზანი მხოლოდ სნექების წარმოება არ ყოფილა. გვინდოდა შეგვექმნა ბრენდი, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად უკეთესი არჩევანის გაკეთებას გაუმარტივებს.

როგორია მიმდინარე პროდუქციის ასორტიმენტი და რა პრინციპებით ქმნით პროდუქტებს?
დღეს Loomba-ს ასორტიმენტი აერთიანებს ენერგეტიკულ ბურთებს, შვრიის ბარებსა და გრანოლას. თუმცა ჩვენთვის პროდუქტის შექმნა ინგრედიენტების შერჩევით არ იწყება, არამედ იწყება კითხვით: გვექნებოდა თუ არა სურვილი, ეს პროდუქტი ყოველდღიურად მიგვერთვა?
ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ და ხარისხიან ინგრედიენტებს, ხელოვნური დანამატებისა და რაფინირებული შაქრის გარეშე. ჩვენი პროდუქტები მდიდარია ბუნებრივი ცილებით, უჯრედისითა და ჯანსაღი ცხიმებით. მაგალითად, ენერგეტიკული ბურთები მზადდება ფინიკისა და თხილეულისგან, არ შეიცავს დამატებულ შაქარს და სრულად მცენარეულია.
ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ გემოთი არ განისაზღვრება. სწორედ ამიტომ წარმოებაში დანერგილი გვაქვს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000:2018, რომელიც თითოეული პროდუქტის უსაფრთხოებასა და სტაბილურ ხარისხს უზრუნველყოფს.

რა გამოარჩევს Loomba-ს კონკურენტულ გარემოში და რა არის ბრენდის მთავარი ღირებულება?
დღეს ბაზარზე არაერთი ჯანსაღი პროდუქტი არსებობს, თუმცა ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ პროდუქტი ჯანსაღია, აუცილებლად ნაკლებად გემრიელიც იქნება. ჩვენ თავიდანვე გვინდოდა ამ წარმოდგენის შეცვლა.
გვჯერა, რომ ადამიანს არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება გემოსა და ჯანსაღ კვებას შორის. Loomba-ში თითოეული პროდუქტი იქმნება ისე, რომ ერთდროულად იყოს ბუნებრივი, კვებითად დაბალანსებული და ისეთი გემოს მქონე, რომლის გამოც მომხმარებელი ისევ დაგვიბრუნდება.
სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი ღირებულება ჯანსაღი არჩევანის გამარტივებაა - გვინდა, უკეთესი არჩევანი ადამიანებისთვის ყველაზე ბუნებრივი და ყოველდღიური არჩევანი გახდეს.

რა გეგმები გაქვთ კომპანიის განვითარებისთვის და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი?
უახლოეს პერიოდში ვაგრძელებთ ასორტიმენტის გაფართოებას, ახალ პროდუქტებზე მუშაობასა და გაყიდვის არხების განვითარებას.
თუმცა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე წელს Food Lab by Loomba იქნება - სივრცე, სადაც Loomba-ს იდეა გაცილებით ფართოდ გაცოცხლდება. აქ მომხმარებელს მხოლოდ ჩვენი სნექები აღარ დახვდება. შევთავაზებთ საუზმეს, ლანჩს, დესერტებსა და სხვა კერძებს, რომლებიც იმავე ფილოსოფიას დაეფუძნება, რაზეც ბრენდი შევქმენით - ბუნებრივი ინგრედიენტები, დაბალანსებული შემადგენლობა და ისეთი გემო, რომელიც კომპრომისს არ მოითხოვს.

ჩვენთვის ეს უბრალოდ კაფის გახსნა არ არის. ეს არის შემდეგი ნაბიჯი Loomba-ს განვითარებაში. შესაძლებლობა, ადამიანებს ყოველდღიური ჯანსაღი კვების გამოცდილება სრულყოფილი ფორმით შევთავაზოთ.
გრძელვადიან პერსექტივაში კი ჩვენი მიზანია წარმოების მასშტაბის გაზრდა, საქართველოს მასშტაბით გაფართოება და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა.
სხვა სიახლეები
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
10.08.2026.18:17
საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული.
მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.
მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.
პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, რომელთაგან რამდენიმეს სილქნეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია Orange, რომლის ჩართულობაც 2024 წელს სილქნეტსა და Orange Alliance-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. აღნიშნული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს B2B ICT სერვისების განვითარება საქართველოში (კერძოდ სილქნეტში), ხოლო მონაცემთა ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორთა შერჩევისა და პროექტის ზედამხედველობის პროცესს ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია Integrated Solutions ხელმძღვანელობს.
ასევე პროექტში ჩართულები არიან სილქნეტის პარტნიორები -საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები: BCG, Atos, Coteccons Construction – EPC, Huawei Technologies.
ახალი მონაცემთა ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.
პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.