მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია, მიმდინარეობს ქსელის რეცხვა
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით.
ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. ქსელის შევსების შემდეგ ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი. მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.