საბანკო აკადემია MMBA - ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საფინანსო სექტორის მხარდასაჭერად

ახლად შექმნილი საბანკო აკადემია MMBA პასუხობს ძალიან მნიშვნელოვან საჭიროებას, რაც დღეს საბანკო-საფინანსო ბაზარზე არსებობს. აკადემია აქტიურად იმუშავებს საზოგადოების ფინანსური განათლების გაღრმავებაზე, ხოლო თავად სექტორს ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებაში თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების მიწოდების გზით. აკადემია უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას საბანკო ოპერაციების, გადახდების, შესაბამისობის, ციფრული ბანკინგისა და ფინტექის მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ საბანკო აკადემია პრაქტიკულ ბანკინგსა და აკადემიურ სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების პროფესიონალთა მიერ დაფუძნდა.
აკადემიის მიზანია, პროფესიულ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქართული საფინანსო სექტორის შემდგომ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით, MMBA ბაზარს ახალი შესაძლებლობებისა და ინოვაციური სერვისების შექმნაში დაეხმარება.
საბანკო აკადემიამ საბანკო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა უკვე დაიწყო და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საბანკო აკადემია MMBA-მ პირველი ტრენინგი ქართულ-თურქული ბანკის - „ზირაათ ბანკი საქართველოს“ თანამშრომლებისთვის გამართა.

მაია მელიქიძე, საბანკო აკადემია MMBA-ის დამფუძნებელი და დირექტორი:
„MMBA ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან მიზანს და მისიას. ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნის, გამოცდილების, კვალიფიკაციის და კომპეტენციის საფუძველზე შემდეგი თაობის აღზრდა, არსებული სპეციალისტების მომზადება-გადამზადება და ფინანსურ სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. საბანკო აკადემია MMBA შექმნილია და ემსახურება შემდეგ მნიშვნელოვან მიზნებს: ეს არის სექტორში უკვე არსებული სპეციალისტების მომზადება-გადამზადება, სიახლეებთან შერწყმა და ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევის გაზიარება მომავალი თაობისთვის“.

მაია ხელაძე, საბანკო აკადემია MMBA-ის დამფუძნებელი და დირექტორი:
„ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა საბანკო ბარათების ემისიას, კერძოდ ბიზნეს ბარათების ემისიის მართვას, ჩატარდა „ზირაათ ბანკი„-ს ოფისში მისი თანამშრომლებისთვის. ეს ტრენინგი პირდაპირი გამოძახილია იმ გეგმებისა, რასაც საბანკო ასოციაცია ისახავს მიზნად. კერძოდ, მივაწოდოთ საბანკო-საფინანსო ბაზარს ის პროდუქტები და სერვისები, რომელიც საჭიროა ტალანტების მოზიდვისთვის, მათი მომზადებისთვის და გადამზადებისთვის, ასევე დასაქმებისთვის და არსებული კომპეტენციების ზრდისთვის. რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ძირითად მიზანს - ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობას“.

„ზირაათ ბანკი საქართველოს“ თანამშრომლები საბანკო აკადემია MMBA-თან თანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და მიაჩნიათ, რომ ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა მათ ბანკის პროდუქტების უკეთ პოზიციონირებაში დაეხმარება.
აკადემიის მიერ წამოწყებული ინიციატივა მეტად პოზიტიურად ფასდება, ვინაიდან ბაზარზე მსგავსი ტიპის პრაქტიკულ და სპეციალიზებულ ტრენინგებზე მაღალი მოთხოვნაა, ხოლო მათი არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, ისე სექტორის საერთო განვითარებას.
ანა გულბანი, „ზირაათ ბანკი საქართველოს“ ბარათების განყოფილების მენეჯერი:
„დღევანდელი ტრეინინგი ბიზნეს ბარათებზე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. მისი მსვლელობის დროს ბევრი სიახლე მოგვეწოდა და ვფიქრობ, რომ მომავალში ძალიან დაგვეხმარება მიღებული ინფორმაცია ჩვენი ბიზნეს ბარათის მართვის პროცესის გაუმჯობესებისათვის“.
შოთა ჭკუასელი, „ზირაათ ბანკი საქართველოს“ AML და შესაბამისობის ოფიცერი:
„დღეს ჩვენ დავესწარით ტრეინინგს ბიზნეს ბარათების ემისიის მართვა, მისი დანერგვა და ის რისკები რისი გათვალისწინებაც აუცილებელია ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, რათა სათანადოდ მართონ აღნიშნული პროდუქტის რისკები. კმაყოფილები ვართ ჩატარებული ტრენინგით, აღნიშნული კურსი იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღეთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გვაინტერესებდა. წარმატებებს ვუსურვებ ახლად დაფუძნებულ აკადემიას!“

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.