Marriott-ი კვარტალური მოგების პროგნოზს ამცირებს - როგორია გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გავლენა
Marriott International-მა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში ერთ აქციაზე მოგება უოლ სტრიტის მოლოდინებზე დაბალი იქნება. ამის მიზეზად კომპანიამ ახლო აღმოსავლეთში მოთხოვნის შესუსტება დაასახელა, რამაც სასტუმროების ნომრებიდან მიღებული შემოსავლები შეამცირა. განცხადების შემდეგ კომპანიის აქციები დაახლოებით 7%-ით დაეცა.
სამოგზაურო ინდუსტრიის წლევანდელი პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, რადგან მიმდინარე კონფლიქტი მომხმარებელთა ხარჯვით აქტივობაზე უარყოფითად აისახება. ახლო აღმოსავლეთში ავიაკომპანიების მიერ ფრენების შემცირებამ რეგიონში მოგზაურობაზე მოთხოვნაც შეასუსტა.
ფინანსურმა დირექტორმა, ჯენ მეისონმა, აღნიშნა, რომ კონფლიქტი რეგიონში საქმიანობაზე გავლენას კვლავ მოახდენს, თუმცა უფრო ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე კომპანიას ადრე ჰქონდა ნავარაუდები.
Marriott-ი მიმდინარე კვარტალში ერთ აქციაზე კორექტირებულ მოგებას (EPS) 2.74–2.82 დოლარის ფარგლებში ელოდება, რაც LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების 2.87-დოლარიან პროგნოზზე დაბალია.
სხვა სიახლეები
„ფაფანაკმა“ შოურუმი და საწარმო ერთ სივრცეში გააერთიანა - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
05.08.2026.18:00
„ფაფანაკი“ ქართული ბრენდია, რომელიც ეროვნულ ტრადიციებზე შთაგონებულ სამოსსა და აქსესუარებს ქმნის. კომპანიამ შოურუმი და საწარმო ერთ სივრცეში გააერთიანა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს ბრენდის დამფუძნებელმა ნინო ჭყონიამ განუცხადა.
„გადავწყვიტეთ, შოურუმი და საწარმო ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა, რადგან სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობა ყოველდღიურ პროცესებს ართულებდა. „ფაფანაკისთვის“ ეს განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.
გადავედით დიდუბეში, სადაც სივრცე ორ ნაწილად გავყავით - ერთი ნაწილი შოურუმს დავუთმეთ, მეორე კი საწარმოს. შედეგად, ჩვენი სამუშაო პროცესი უფრო ეფექტიანი გახდა, ხოლო მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქციის შერჩევა, შეკვეთა და შეძენა გაცილებით კომფორტული.
ამასთან, სექტემბრიდან City Mall-შიც ვიქნებით წარმოდგენილი სტენდით, რაც ჩვენთვის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ბოლო ერთი თვე ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხის პერიოდი იყო. ბევრი სიახლე დავგეგმეთ, გუნდი ახალი პოზიციების თანამშრომლებით გავაძლიერეთ და ახლა აქტიურად ვმუშაობთ განვითარების სხვადასხვა მიმართულებაზე. ვამზადებთ ახალ კოლექციას, ვგეგმავთ ფოტოსესიას, ვანახლებთ ვებგვერდს და ვაძლიერებთ ონლაინ მიმართულებას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისიც არის, რომ თუ აქამდე Amazon-ზე მხოლოდ ჩვენი აქსესუარები იყო წარმოდგენილი, ახლა უკვე სამოსის კოლექციასაც ვამზადებთ, რომელსაც პლატფორმაზე განვათავსებთ.
გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ვფიქრობ, სექტემბრიდან ეს ცვლილებები ჩვენი მომხმარებლისთვისაც უფრო თვალსაჩინო გახდება“, - აცხადებს ნინო ჭყონია.
ინფორმაციისთვის, „ფაფანაკის“ ახალი შოურუმი და საწარმო მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დიდუბე, სპირიდონ კედიას ქ. N10დ.