მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
პირველად საქართველოში - თიბისიმ გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაციის შესაძლებლობა დანერგა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიღებული გზავნილიდან მხოლოდ მისთვის საჭირო თანხა გადაიყვანოს სასურველ ვალუტაში; დარჩენილი თანხა კი, გზავნილის ვალუტაში შეინახოს და მომავალში გამოიყენოს.
ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპისგან ათავისუფლებს და მიღებული თანხის მართვის სრულ კონტროლს მობაილბანკიდან აძლევს.
გზავნილის მიღებისას მომხმარებელს აღარ უწევს მთლიანი თანხის კონვერტაცია. მაგალითად, თუ მან 500$ მიიღო, შეუძლია მხოლოდ 100$ გადაიყვანოს ლარში; დარჩენილი თანხა კი, უცხოური ვალუტის ანგარიშზე შეინახოს. ამასთან, თანხის კონვერტაცია შესაძლებელია მობაილბანკში, საუკეთესო კურსით, 24/7-ზე - ზუსტად მაშინ და იმ ოდენობით, როცა და რამდენიც დაგჭირდება.
გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რეგულარულად იღებს ფინანსურ მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან; ასევე, არარეზიდენტებისა და ფრილანსერებისთვის, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ. მობაილბანკში ეს ახალი შესაძლებლობა მათ ყოველდღიური ხარჯებისა და დანაზოგების უფრო მოქნილად განაწილებაში დაეხმარება.
მართე გზავნილი შენი წესებით - სწორედ, ეს არის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის მთავარი იდეა. მომხმარებელი თავად წყვეტს, რამდენი თანხა სჭირდება ახლა, რამდენის შენარჩუნება სურს უცხოურ ვალუტაში და როდის მოახდენს დარჩენილი თანხის კონვერტაციას.
თიბისისთვის ტექნოლოგიური ინოვაცია მხოლოდ ახალი ფუნქციონალის შექმნას არ ნიშნავს - მისი მიზანი ადამიანებისთვის ყოველდღიური ფინანსური პროცესების გამარტივება და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ვითარდება და მომხმარებლებს ახალ, პრაქტიკულ და ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსების მართვას კიდევ უფრო მარტივს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის.
სხვა სიახლეები
18.09.2026.11:31
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
18.09.2026.11:05
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-12 ყოველწლიური ღონისძიების - ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბაზისბანკს საქართველოში „ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდო გადაეცა.
აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს, ADB-ის მიერ საქართველოში ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ბანკის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობის აღიარებას. შეფასების კრიტერიუმი ეფუძნება ADB-ის TSCFP-ის ფარგლებში ბანკის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობასა და მოცულობას.
„ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდოს მიღება ადასტურებს ბაზისბანკის მდგრად პოზიციებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით, ბანკის მაღალ სანდოობას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და მის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
„ბაზისბანკის აღიარება საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად, ასახავს ჩვენი თანამშრომლობის სიმტკიცესა და სტაბილურობას ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. ბაზისბანკი აქტიური და სანდო პარტნიორია საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის სავაჭრო დაფინანსების მიწოდების მიმართულებით. იგი მხარს უჭერს ბაზარზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ადგილობრივი კომპანიების დაკავშირებას საერთაშორისო ბაზრებთან. ვულოცავთ ბაზისბანკს ამ მიღწევას და ვიმედოვნებთ ჩვენი პარტნიორობის შემდგომ გაფართოებას მომავალ წლებში მდგრადი სავაჭრო ზრდის მხარდასაჭერად.“ - სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის“ ხელმძღვანელი.
„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკისგან „საქართველოში ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ასახავს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც ბაზისბანკმა საკუთარი სტრატეგიის განხორციელების პროცესში მიაღწია - სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული კლიენტების მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით. ADB-სთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ქართულ ბიზნესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესების საქმიანობის წარმართვის გამარტივებას საერთაშორისო ბაზრებზე. მადლობას ვუხდით ADB-ს ამ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და კვლავაც განვაგრძობთ ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას, რათა უკეთ ვემსახუროთ კლიენტებს და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
ADB-ს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს პარტნიორ ბანკებს, რომელთაც ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 7 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.1 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 7 თვის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.