Mastercard და AI ასოციაცია საქართველოში AI წიგნიერების ეროვნულ სასკოლო პროექტს იწყებენ
სექტემბრიდან, საქართველოში მასშტაბური ეროვნული ინიციატივა აიღებს სტარტს, რომლის მიზანი ხელოვნური ინტელექტის (AI) განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ახალი თაობის გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის მომზადებაა. პროექტს Mastercard და AI ასოციაცია ერთობლივად განახორციელებენ.
ინიციატივა ითვალისწინებს AI წიგნიერების ინტეგრაციას სასკოლო სივრცეში, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას, თანამედროვე სასწავლო პროგრამების შექმნასა და რეგიონებში ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდას. პროექტის მიზანია, საქართველო AI განათლების მიმართულებით რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდეს.
„ეროვნული AI წიგნიერების პროგრამა“ 16-კვირიანი სასწავლო მოდულია, რომელიც შექმნილია სპეციალურად IX - XI კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან AI-ის საფუძვლებს, კონტენტის გენერირებას, ვიზუალისა და კოდის შექმნას, კრიტიკულ აზროვნებასა და AI-ის პასუხისმგებლიან გამოყენებას.
პროგრამა 2025-2027 წლების განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება და მოიცავს:
● ახალი თაობის AI პროფესიონალების განვითარებას;
● სკოლებში AI წიგნიერების პროგრამების დანერგვას;
● პროფესიული AI საგანმანათლებლო ინიციატივების გაძლიერებას;
● მოსწავლეებისთვის პრაქტიკული და ეთიკური AI უნარების განვითარებას.
ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ტექნოლოგიურ თანასწორობასა და გოგონების ჩართულობის გაზრდას ტექნოლოგიურ სფეროებში.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში:
„ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ეკონომიკას, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საქართველოში ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებზე, რომლებიც მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე. Mastercard-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ტექნოლოგიურ ინკლუზიას, განათლებას და მომავალი ლიდერების განვითარებას ემსახურება.“
გიგი გიორგაძე, AI ასოციაციის დამფუძნებელი:
„ჩვენი მიზანია, AI განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოსწავლისთვის - არ მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. გვინდა, ახალგაზრდებმა AI აღიქვან არა მხოლოდ ტექნოლოგიად, არამედ შესაძლებლობად, შექმნან ინოვაციები, ახალი პროდუქტები და საკუთარი მომავალი.“
ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით და ქმნის საფუძველს, რომ საქართველო რეგიონში AI განათლების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ჩამოყალიბდეს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელი გააფართოვა - ახალი მიმართულებები ცენტრალურ აზიაში
29.07.2026.19:25
„საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის გაფართოების ფარგლებში უკვე დაიწყო მომსახურების განხორციელება ყაზახეთის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით“ - ამის შესახებ საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ერაძემ, გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ფოსტა ტრადიციული საფოსტო ოპერატორის ფუნქციას სცდება და რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.
"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის, არის მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან ექსპორტის მიმართულებით და ასევე, საერთაშორისო, თუ სატრანზიტო გზავნილების ვადის გაუმჯობესების თვალსაზრისით. რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი Alibaba-ს კამპუსში, სადაც ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ამ პროექტზე და გავაფორმეთ ხელშეკრულება - კონკრეტულად ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-თან. ხელშეკრულების გაფორმება არის გამოცდილება რათა ჩვენ დიდი ორგანიზაციებიდან მეტი ვისწავლოთ, საოპერაციო პროცესები გავაუმჯობესოთ და ტექნოლოგიურად განვვითარდეთ. აღნიშნულმა პროექტმა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად საქართველოს ფოსტას და თვითონ ქვეყანას ახალი ჰაბის ფუნქცია შესძინა. რეგიონის ტვირთები იგზავნება საქართველოს ფოსტის ტერმინალში, ხდება დახარისხება და მიწოდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ანუ საქართველოს ფოსტა ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც. ვიღებთ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის და უზბეკეთის ტვირთებს. უახლოეს მომავალში უფრო ფართო ქსელი გვექნება და დავიწყებთ ისეთ ქვეყნებთან მიწოდებას როგორიც არის ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ერაძემ.
გიორგი ერაძის განცხადებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის.
„ჩვენი მიზანი იყო ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის საჰაერო ტერმინალი, მისთვის ფუნქცია დაგვებრუნებინა და ჩვენ ეს შევძელით, გავაფორმეთ მემორანდუმი და გავხდით უფრო მიმზიდველები. დღეს უკვე Silk Way West Airlines-ს ავიახაზებს ვემსახურებით. აღნიშნული ავიაკომპანია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ძალიან ძლიერი ავიაგადამზიდია. ჩვენ ვიღებთ მათ ტვირთებს ვახარისხებთ და სატვირთო მომსახურებით ვემსახურებით. მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინალის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს ამ ეტაპზე - წინა წელთან შედარებით, იმპორტი 1750%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 750%-ით. საერთო ჯამში კი, ტვირთბრუნვა 2300%-ით არის გაზრდილი“,- განაცხადა გიორგი ერაძემ.
საქართველოს ფოსტამ ასევე თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა Air Serbia-სთან, Turkish Airlines-თან და აზერბაიჯანის ავიახაზებთან.
„კიდევ რამდენიმე ავიახაზთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. აღნიშნულის მიზანი იყო, რომ ავიახაზებთან გაგვეახლებინა ხელშეკრულებები, რათა სატრანზიტო ვადები შეგვემცირებინა.ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ავიახაზთან გვქონდეს ურთიერთობა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ქსელი გავაფართოოთ", - აცხადებს გიორგი ერაძე.