Mastercard-ის მეორე კვარტლის ფინანსურმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა - ზრდა მომხმარებლების სტაბილურმა დანახარჯებმა განაპირობა
Mastercard-მა მეორე კვარტლის ისეთი ფინანსური შედეგები წარადგინა, რომელმაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ამის მთავარი მიზეზი ტრანზაქციების მოცულობის მდგრადი ზრდა იყო, რაც მომხმარებელთა სტაბილურმა ხარჯვამ განაპირობა.
მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე მომხმარებელთა ხარჯვის შემცირებას ელოდნენ, მომხმარებლებმა მდგრადობა შეინარჩუნეს. სტაბილურ სამომხმარებლო ქცევას კვლავ ძლიერი შრომის ბაზარი და ხელფასების ზრდა უწყობს ხელს, ხოლო ტრანზაქციების ღირებულება გაიზარდა ინფლაციის გამო, რომელიც გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ გაამწვავა.
ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ 5.04 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ 4.77 დოლარს ელოდნენ. კომპანიის წმინდა შემოსავალი (Net Revenue) 14%-ით გაიზარდა და 9.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ასევე აღემატებოდა პროგნოზებს.
სხვა სიახლეები
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
11.08.2026.10:00
2026 წლის 3 აგვისტოდან პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის პოზიციას პუნჰან ნარიმანოვი იკავებს.
მისი ხელმძღვანელობით, ბანკი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერას, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სტრატეგიული გეგმების განხორციელებას.
პუნჰან ნარიმანოვმა საბანკო კარიერა 2007 წელს Kapital Bank OJSC-ში დაიწყო, სადაც ხაზინისა და ფულადი სახსრების მართვის მიმართულებით არაერთი წამყვანი პოზიცია ეკავა.
2021–2022 წლებში, როგორც Komtec Ltd. LLC-ის („MilliÖn“) გენერალური დირექტორი, კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას უძღვებოდა.
2022 წლის აპრილიდან მას PashaPay LLC-ის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა, სადაც ოპერაციებს, პროდუქტების განვითარებას, ფინანსებსა და სხვა მნიშვნელოვან ბიზნეს მიმართულებებს მართავდა. მოგვიანებით დაინიშნა გენერალურ დირექტორად და პასუხისმგებელი იყო კომპანიის სტრატეგიულ ზრდასა და განვითარებაზე.
პუნჰან ნარიმანოვმა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო მოსკოვის ტუროს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ფინანსების მაგისტრის ხარისხი - აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში. მოგვიანებით მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო IE Business School-ში.
პაშა ბანკის შესახებ
პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.