მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში 2026 წლის საუკეთესო ათეული ცნობილია. პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
აღნიშნული ინიციატივის მიზანი გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენა და დაფასებაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან.
წლევანდელი მასწავლებლების საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:
• ცოტნე გვაჯაია, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
• არჩილ თოდუა, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
• მარიამ კვაჭაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
• დავით მალაზონია, თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიის მასწავლებელი;
• მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
• ეკატერინე ჩიქოვანი, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
• მადონა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
• დავით ჯანდიერი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23 საჯარო სკოლის, მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის და აზროვნების აკადემიის სკოლის მოქალაქეობის, ბიზნესისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
• ირინა ჯვარშეიშვილი, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
• ლაურა ჯიმშელეიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი სამ ეტაპად ტარდება: პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურ შემოწმებას გადიან, რის შემდეგაც საუკეთესო ათეული ირჩევა. შემდგომ ეტაპზე ხდება ხუთი ფინალისტის გამოვლენა, ხოლო გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს, 120-ზე მეტმა კი თავად შეავსო განაცხადი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დაწესდა და გლობალური ინიციატივის - „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია. პროექტის მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი.
ინფორმაციისთვის, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკისთვის განათლება უკვე ექვს წელზე მეტია CSR მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებს შორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება, იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი, STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი, საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა ინიციატივები.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.