მედლები ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან | ქართველი ჯუდოკების წარმატება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
გრძელდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე მასპინძლობს. ჩვენი სპორტსმენების აქტივში 4 მედალია: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. აღნიშნული მედლები ჯუდოკების მოპოვებულია და მათი ასპარეზობის შესახებ ინფორმაციას დეტალურად გაგაცნობთ.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველს სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
ჯუდოს ტურნირზე, პირველ მედალს საბა ბოლქვაძე (-50კგ.) დაეუფლა. მეოთხედფინალურ ეტაპზე, ახალგაზრდა სპორტსმენმა ბრძოლა ესპანელ ალეხანდრო კიარონისთან, დასანანი ვაზარით დათმო. ამის შემდეგ, კირილ სტეცისა და კოენ მაკკეი გილბერტის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, ბოლქვაძემ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
იმავე დღეს, ბრინჯაოს მედლის მოგების საშუალება ალექსი გულუასაც (-55კგ) ჰქონდა, რომელმაც ფინალური ბრძოლა შვეიცარიელ სილვანო კორისთან დათმო. მანამდე, გულუას 5 შეხვედრის ჩატარება მოუწია, სადაც 4 გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების აქტივს მორიგი მედალი ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60კგ.) შესძინა, რომელმაც ბერძენი, სლოვენიელი და ნიდერლანდელი მეტოქეები გააკრა ბეჭებზე, თუმცა ნახევარფინალში, აზერბაიჯანელ ჯუდოკასთან, ზეიდ ალასგაროვთან, დამარცხდა. ამის შემდეგ, ჭიაბერაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო და შვეიცარიელი ტიმეო კორის დამარცხება დამაჯერებლად შეძლო.
ჯერჯერობით, საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული მე-4 საშეჯიბრო დღე გამოდგა, რადგან ჯამში 4 მედალს მოვუყარეთ თავი. ვასილ გამეზარდაშვილი (-73კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა: ქართველმა ჯუდოკამ ფინალამდე 3 შეხვედრა ჩაატარა (სამივე 100:0) და ოქროს მედალთან სულ ერთი ბრძოლა აშორებდა, თუმცა სერბ ველიკო ვარნიჩიჩთან იუკოთი დამარცხდა.
იმავე დღეს, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში წარმატებას მიაღწია გიორგი მუმლაძემ (-81კგ.). ახალგაზრდა ჯუდოკამ, რომელიც 18-წლამდელებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს გუნდის მედროშე გახლდათ (ტყვიის მსროლელ ლიზი აღნიაშვილთან ერთად), ტურნირზე ასპარეზობა ეფექტურად დაიწყო და 2 გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, ფინალისკენ გზა მუმლაძეს უკრაინელმა მიხაილო სოლიანიკმა გადაუღობა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში, ჩვენმა მედროშემ სლოვენიელი ალექს კრივეჩი ტატამზე 2 ვაზარით დასცა.
25 ივლისს, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შემდეგი ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ: ნიკა გოგობერიძე (ტაეკვანდო, -73კგ.), გიორგი ზურაბაშვილი (ძიუდო, -90კგ.), იოანე აბალაკი (ძიუდო, +90კგ.), ნინი ძაგანია (ძიუდო, -70 კგ.) და ბარბარე გელაშვილი (ძიუდო, +70კგ.).
აქვე შეგახსენებთ, რომ რიგით მე-18 ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველო 36 სპორტსმენით, 9 სახეობაში არის წარმოდგენილი: ჯუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო და სპორტული ტანვარჯიში. ტურნირი 20 ივლისს გაიხსნა და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.