მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი, არაუმეტეს 5,000 ლარი ერთი ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.
პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანია ხარისხიანი თაფლის წარმოების მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადობის ზრდა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.
საყურადღებოა, რომ მეფუტკრეთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამით ისარგებლა 200-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, მათ სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებით მიიღეს 18,000-ზე მეტი სკა და მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი.
თუმცა, გაჩნდა საჭიროება, რომ მსგავსმა პროგრამამ მოიცვას არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არამედ, როგორც ფიზიკური, ასევე საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები. მომზადდა მიზნობრივი პროგრამა, სადაც გათვალისწინებულია ამ ეტაპზე ყველა ის პირობა, თუ დათქმა, რაც საჭიროა პროგრამის ეფექტური და დროული განხორციელებისათვის.
სხვა სიახლეები
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
16.06.2026.15:11
27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.
2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.
როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati