მეღვინეობა „ჭალელმა“ ბრენდინგი განაახლა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ახალი, უფრო პროფესიონალური ეტიკეტის კონცეფციაზე, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა ღვინის ხასიათთან და ბრენდის იდენტობასთან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მეღვინეობა „ჭალელი“ -ს თანადამფუძნებელმა ჯაბა აბაიშვილმა განუცხადა.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ახალი, უფრო პროფესიონალური ეტიკეტის კონცეფციაზე - გვინდოდა ის უფრო ახლოს ყოფილიყო ღვინის ხასიათთან და ბრენდის იდენტობასთან. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, ახლახანს განვაახლეთ დიზაინი და სრულად განვაახლეთ ბრენდინგი.

ეტიკეტზე შინაარსი ძირითადად უცვლელი დარჩა, თუმცა ვიზუალურად უფრო დახვეწილი და სახეცვლილია. განახლდა ლოგოც, ხმლის ფორმა შევცვალეთ, „ჭალის“ თემატიკა შევინარჩუნეთ, თუმცა ფერები და საერთო ვიზუალური სტილი უფრო განსხვავებული და ელეგანტური გახდა.
ამ ეტაპზე ველით, ბაზარის გამოხმაურებას ბრენდის განახლებულ კონცეფციასთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ოთხი სახეობის ღვინო. მათი განსხვავება შესაძლებელი იქნება ეტიკეტის ფერების მიხედვით, რათა მომხმარებლისთვის პროდუქტი იყოს უფრო ადვილად აღსაქმელი და მარტივად დასამახსოვრებელი “, - აცხადებს ჯაბა აბაიშვილი.
კომპანია აქტიურად გეგმავს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას, ხოლო ძირითადი ფოკუსი პროდუქტის ხარისხზე რჩება.
„ორ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას - 8 მაისს, ქართული ღვინის დღეს, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აორგანიზებს და 9 მაისს, ახალ ღვინის ფესტივალში, რომელიც უკვე ტრადიციული ღონისძიებაა და ყოველწლიურად ვიღებთ მასში მონაწილეობას.
ჩვენი მთავარი აქცენტი კვლავ ხარისხზე რჩება - წარმოების მოცულობის ზრდას არ ვგეგმავთ. ახალი ღვინოების გაყიდვა ახლახანს დავიწყეთ, ახალი ეტიკეტის მოლოდინში ვიყავით. რაოდენობის გაზრდას არ ვგეგმავთ, შესაძლოა რამდენიმე ახალი სახეობა დავამატოთ, თუმცა საერთო მოცულობა უცვლელი დარჩება.
ამასთან, გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ობიექტთან. განსაკუთრებით აქტიური მიმართულებაა ბათუმი, ამ ეტაპზე იქ ფაქტობრივად არ ვართ წარმოდგენილნი, თუმცა ვმუშაობთ, რომ რამდენიმე ახალი ადგილი დავამატოთ და ველოდებით მოლაპარაკებების დასრულებას “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, კომპანია წლიურად 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
სხვა სიახლეები
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
27.04.2026.18:32
ავტოპარკის მართვის თანამედროვე მოდელი და ბიზნესისთვის ოპტიმალური, 360-გრადუსიანი მომსახურება - „თეგეტა ჰოლდინგმა“ სადისტრიბუციო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს სპეციალურ ღონისძიებაზე უმასპინძლა. თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ, სტუმრები როგორც სადისტრიბუციო ბიზნესიდან, ისე საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელებიდან - ისინი, ვინც საკუთარი საქმიანობისათვის სხვადასხვა ტიპის ავტოპარკს იყენებენ.
ღონისძიების ფოკუსში იყო ფლიტ მენეჯმენტი - მომსახურება, რომელიც ბიზნესის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. „თეგეტამ“ ბიზნესის წარმომადგენლებს სერვისის ის კომპლექსური მოდელი გააცნო, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი პროფესიონალთა გუნდს გადააბაროს.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი შეთავაზების მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობა და უწყვეტობაა: „თეგეტას“ აქვს რესურსი, სრულად უზრუნველყოს ნებისმიერი ტიპის ავტოპარკის მიწოდება და მისი შემდგომი ოპერაციული მართვა, იქნება ეს მსუბუქი კორპორაციული ავტომობილები, მცირე სადისტრიბუციო მანქანები, კომერციული თუ მძიმე სატვირთო ტექნიკა. ბიზნესს ვთავაზობთ სრულ ეკოსისტემას, სადაც ყველა პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას - ავტომობილის შერჩევიდან დაწყებული, მისი უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერითა და დაზღვევით დასრულებული.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ავტოპარკის ხარჯები საოპერაციო დანახარჯების 35%-მდეც კი აღწევს. ჩვენი მიზანი კი ამ პროცესის მაქსიმალური ოპტიმიზაციაა. ყველა პროცესი გამჭვირვალე და პროგნოზირებადია. შედეგად, ბიზნესი იღებს არა მხოლოდ სერვისს, არამედ მზა გადაწყვეტილებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაზოგონ დრო, ფინანსები და მთელი რესურსი თავიანთი ძირითადი საქმიანობისკენ მიმართონ“.

ღონისძიება „თეგეტა ლიზინგთან“ და „თიბისი ლიზინგთან“ პარტნიორობით შედგა. სერვისცენტრში შეკრებილებს სალიზინგო პროდუქტებიც გააცნეს.
პრეზენტაციების შემდეგ კი სტუმრებმა გეზის ფილიალის იმ სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც სადისტრიბუციო და სასაწყობე ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ბრენდის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის იყო Farizon-ის ელექტრიფიცირებული კომერციული ტექნიკა. ჩინური ბრენდი „თეგეტას“ პორტფელს ცოტა ხნის წინ შეემატა და პირველია საქართველოში, რომელიც ბიზნესს სპეციალიზებულ ელექტრომობილებს სთავაზობს, როგორც პიკაპებსა და ფურგონებს, ისე სატვირთოებს, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული სამაცივრე სისტემებია დამონტაჟებული.
ექსპოზიციისთვის გამოყოფილ ნაწილში ასევე განთავსებული იყო სასაწყობე მეურნეობისათვის საჭირო სრული აღჭურვილობა და „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ავტომწარმოებლების ტექნიკის ფართო არჩევანი , მათ შორის MAN, HINO, Mitsubishi Fuso და FAW-ის სატვირთოები. ღონისძიების მონაწილეებს ტესტდრაივის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ტექნიკას, ჩვენ უზრუნველვყოფთ მობილობას. სწორედ ამ პრინციპით პოზიციონირებს „თეგეტა“ და მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, რაც უპირველესად ბიზნესის უწყვეტობას გულისხმობს. MAN-ის ოფიციალური სერვისცენტრი, სადაც სტუმრები მოვიწვიეთ, ვქმნით გარანტიას, რომ მათთვის საჭირო ტექნიკა ყოველთვის გამართული იქნება, ხოლო გეგმური ან არაგეგმური სერვისის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მას ჩავანაცვლებთ, რათა საქმიანობა კომპანიებმა შეუფერხებლად წარმართონ.
გარდა ამისა, პარტნიორებს ვთავაზობთ PPK მოდელს, რაც საბურავების ხარჯის განვლილ კილომეტრზე დაანგარიშებას გულისხმობს. ეს კი საშუალებას აძლევს ბიზნესს, გამოიყენოს პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, მიიღოს მეტი ეფექტიანობა და, ამავდროულად, ზუსტად მართოს საოპერაციო ბიუჯეტი. ჩვენ ვითვლით ფლობის ჯამურ ღირებულებას და ბიზნესს მომსახურების ისეთ მოდელს ვაწვდით, რა დროსაც მომხმარებელი ფიქსირებულ ყოველთვიურ საფასურს იხდის, ხოლო ტექნიკის სრულ გამართულობაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“.
ავტოპარკის მართვის პროცესს „თეგეტა“ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებითაც აძლიერებს. ტელემატიკ სისტემის (GeoGPS) მეშვეობით, კომპანია ეფექტიანად აკონტროლების ავტოფლოტის გადაადგილებასა და საწვავის რესურსს, რაც მართვის პროცესს გამჭვირვალეს ხდის. სერვისების სრულ მენეჯმენტთან ერთად, „თეგეტა“ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორები მძღოლებით მომსახურებითაც უზრუნველყოს.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ფლიტ მენეჯმენტი ქართული ბიზნესის საოპერაციო კულტურაში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე აპრობირებული და კარგად გამოცდილი საერთაშორისო მოდელის დანერგვა „თეგეტას“ პრიორიტეტია. ამჟამად ჰოლდინგის ამ კომპლექსური სერვისით უკვე 54 კორპორაციული მომხმარებელი სარგებლობს.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.