„მეღვინეობა ჯობავამ“ ასორტიმენტი გააფართოვა
„მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარე საოჯახო მეღვინეობაა, რომელმაც მომხმარებელს ცოტა ხნის წინ ახალი ღვინის კოლექცია წარუდგინა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა თაკო ჯობავამ, განუცხადა.
ცოტა ხნის წინ მომხმარებელს ახალი ღვინის კოლექცია წარუდგინეთ. რა იყო მისი შექმნის მთავარი იდეა და რით გამოირჩევა ის მეღვინეობა ჯობავას არსებული პორტფელისგან?
ახალი კოლექციის შექმნისას ორი მთავარი მიზანი გვქონდა. ერთის მხრივ, გვინდოდა მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მსუბუქი, არომატული და ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებით შეეფერება გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონს. სწორედ ამიტომ კოლექციას დაემატა ნახევრად მშრალი ქისი და როზე - ღვინოები, რომლებიც გამოირჩევა ხილისა და ყვავილოვანი არომატებით, სიახლითა და სასიამოვნო ბალანსით.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ჩვენი დაცული ადგილწარმოშობის (PDO) ღვინოების პორტფოლიოს გაფართოება. მიგვაჩნია, რომ ადგილწარმოშობის ღვინოები საუკეთესოდ წარმოაჩენს კონკრეტული მიკროზონების უნიკალურ ხასიათსა და საქართველოს მეღვინეობის მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ, ახალ კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მანავი მწვანესა და წინანდალს, რომლებსაც უახლოეს მომავალაში წარვუდგენთ მომხმარებელს.
კოლექციას ასევე დაემატა მშრალი საფერავი როზე, რომელმაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ჩვენი ასორტიმენტი. შედეგად, მომხმარებელს შევთავაზეთ ღვინოების უფრო ფართო არჩევანი სხვადასხვა გემოვნებისა და სხვადასხვა შემთხვევისთვის, ხარისხის იმავე სტანდარტის შენარჩუნებით, რომელიც მეღვინეობა ჯობავასთვის დამახასიათებელია.
რა პრინციპით შეარჩიეთ ახალი კოლექციის ღვინოები და რომელ სეგმენტზეა ის გათვლილი?
ახალი კოლექციის ფორმირებისას ვიხელმძღვანელეთ როგორც ბაზრის მოთხოვნებით, ისე ჩვენი ბრენდის განვითარების სტრატეგიით. გვინდოდა, ერთის მხრივ, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა საინტერესო, მსუბუქი და არომატული ღვინოები, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად წარმოგვეჩინა საქართველოს უნიკალური ვაზის ჯიშები და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები.
კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც ფართო მომხმარებლისთვის მიმზიდველია, ასევე PDO ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ღვინის წარმოშობას, ტერუარსა და ავთენტურობას აფასებს.

ეს ხაზი გათვლილია როგორც ქართულ ბაზარზე, ისე საექსპორტო მიმართულებით, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა ქართულ ადგილობრივ ჯიშებსა და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებზე წლიდან წლამდე იზრდება.
როგორ აფასებთ დღეს ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე? რა ტენდენციებს აკვირდებით მომხმარებლის ინტერესის თვალსაზრისით?
ქართული ღვინის მიმართ ინტერესი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად იზრდება. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ეძებს არა მხოლოდ ხარისხიან ღვინოს, არამედ მის ისტორიას, წარმოშობასა და უნიკალურობას. სწორედ ამ მიმართულებით ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვს.
ადგილობრივ ბაზარზეც აშკარად ჩანს, რომ მომხმარებელი უფრო მეტად ინტერესდება სხვადასხვა ღვინის სტილით, ადგილობრივი ვაზის ჯიშებითა და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებით. ამავდროულად, იზრდება მოთხოვნა მსუბუქ, არომატულ და როზე ღვინოებზე, რაც მსოფლიო ტენდენციებსაც სრულად შეესაბამება.
ვფიქრობ, ეს ქართული მეღვინეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სტილის ღვინოები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქართული ღვინის პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე.
მომავალში, რა მიმართულებებზე იქნება „მეღვინეობა ჯობავას“ მთავარი ფოკუსი? გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას, ინვესტიციებს, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას ან პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებას?
ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა. ჩვენი მიზანია, „მეღვინეობა ჯობავას“ ღვინოები კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე და ქართული ღვინო ახალ მომხმარებლამდე მივიტანოთ.
ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების მოძიებაზე და სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის ათვისებაზე. პარალელურად, ვაგრძელებთ ინვესტირებას ხარისხის გაუმჯობესებაში, საწარმოო პროცესების განვითარებასა და ასორტიმენტის გაფართოებაში, რათა სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს კიდევ უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „მეღვინეობა ჯობავა“ ასოცირდებოდეს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან, ინოვაციებთან და იმ ღირებულებებთან, რომლებიც ქართულ მეღვინეობას საერთაშორისო ბაზარზე გამოარჩევს.
ინფორმაციისთვის, „მეღვინეობა ჯობავა” სტუმრებს ადგილზე სთავაზობს სრულ ტურისტულ გამოცდილებას: ღვინის დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებსა და სარესტორნო სერვისს ერთ სივრცეში, რაც მეღვინეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ემოციურს ხდის.
სხვა სიახლეები
აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
30.10.2026.20:43
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.
აკაკი ჯინჭარაძის სპორტული ისტორია ხერხემლის დაზიანების შემდეგ დაიწყო. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით მან შეძლო მობილიზება, ვარჯიშის დაწყება და პარა ძალოსნობაში, +107 კგ წონით კატეგორიაში, საკუთარი ადგილის პოვნა.
„მინდა, მთელი მსოფლიოს წინაშე ვასახელო საქართველო“, თქვა მან 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს სიტყვები დაპირებად იქცა, რომელიც აკაკიმ შეასრულა.
2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, აკაკიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიო თასზე, ორი მედალი აიღო: ვერცხლი სამი მისვლის ჯამში, 737 კილოგრამით, და ბრინჯაო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დაძლეული 250 კილოგრამით.
აკაკი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი და რეკორდსმენია.
ასე აქცია აკაკი ჯინჭარაძემ 2015 წელს ნათქვამი სიტყვები რეალობად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველო მართლაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
ჩემპიონები მზად არიან.
ახლა ბრენდების ჯერია.