„მეღვინეობა პი“ 2026 წლის პირველი ნახევრის, ბაზრის ტენდენციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ
2026 წლის პირველი ნახევარი „მეღვინეობა პი“-სთვის სტაბილური განვითარების, საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნებისა და ახალი შესაძლებლობების ძიების პერიოდი აღმოჩნდა. როგორ აფასებს „მეღვინეობა პი“ წლის პირველ ნახევარს, რა ტენდენციებს ხედავს ღვინის ბაზარზე და რა მოლოდინები აქვს წლის მეორე ნახევრისა და ახალი რთველის მიმართ, ამ საკითხებზე Business Insider Georgia-სთან „მეღვინეობა პი“-ს დამფუძნებელი თეონა ომარაშვილი საუბრობს.
როგორ შეაფასებდით „მეღვინეობა პი“-ს 2026 წლის პირველ 6 თვეს , რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის საკმაოდ აქტიური, თუმცა ამავდროულად სტაბილური პერიოდი იყო. მცირე მარნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებული პროცესების თანმიმდევრულად განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით ვხედავთ წლის პირველი ნახევრის მთავარ შედეგსაც შევინარჩუნეთ ჩვენი პოზიციები არსებულ საექსპორტო ბაზრებზე და გავაგრძელეთ მუშაობა, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ პარტნიორებთან, ისე ახალ მიმართულებებზე.
ამ ეტაპზე კი უკვე წლის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში შევდივართ. რთველამდე დარჩენილი რამდენიმე კვირა მეღვინეობაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო დროა. მიმდინარეობს როგორც ვენახის მუდმივი კონტროლი და ყურძნის სიმწიფის შეფასება, ისე მარნის მომზადება ახალი მოსავლის მისაღებად. ამასთან, რთველამდე დაგეგმილი გვაქვს 2024 და 2025 წლის ღვინოების დაახლოებით 8,000 ბოთლი საფერავისა და 1,200 ბოთლი აკურას ჩამოსხმა, რის შემდეგაც მთელი ყურადღება უკვე მომავალ რთველზე გადადის.
როგორია მიმდინარე ძირითადი ტენდენციები ღვინის ბაზარზე? როგორ იცვლება მოთხოვნა მცირე, არტიზანულ და ბუნებრივ ღვინოებზე და რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ მიმართულებით?
დღეს ღვინის გლობალური ბაზარი მარტივი ნამდვილად არ არის. მომხმარებელი უფრო ფრთხილი და არჩევითი ხდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობა ტრადიციულ დიდ ბაზრებზე. მომხმარებელი შეიძლება ნაკლებ ღვინოს სვამდეს, მაგრამ როდესაც ღვინოს არჩევს, უფრო ხშირად აინტერესებს მისი წარმომავლობა, კონკრეტული ვენახი, მწარმოებლის ისტორია და ის, თუ რამდენად ავთენტურია პროდუქტი. ახალგაზრდა და ღვინით უფრო დაინტერესებული მომხმარებლების ნაწილში განსაკუთრებით მაღალია სურვილი, აღმოაჩინონ განსხვავებული ჯიშები, რეგიონები და წარმოების სტილი. ბუნებრივი, ორგანული და მდგრადი წარმოების ღვინოებიც ამ ინტერესის ნაწილია.
ამასთან, ვფიქრობ, დღეს უკვე მხოლოდ ის ფაქტი, რომ ღვინო „ბუნებრივია“ ან მცირე მარნის მიერ არის წარმოებული, საკმარისი აღარ არის. მომხმარებელი უფრო მეტად ეძებს ხარისხს, გამორჩეულ ხასიათს და ღვინოს, რომელსაც საკუთარი იდენტობა აქვს.
„მეღვინეობა პი“-სთვის სწორედ ეს არის მთავარი მიმართულება. ჩვენ მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ ღვინოს, ვიყენებთ მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილ ყურძენს და მაქსიმალურად დაბალი ჩარევის პრინციპით ვმუშაობთ. ჩვენი იდეაა შევქმნათ ვინტაჟური, ერთი ვენახის პრინციპით (SINGLE VINEYARD) დამზადებული ღვინოები, რომლებიც ყოველ წელს კონკრეტული მოსავლისა და სეზონის განსხვავებულ ხასიათს ასახავს. ასე, წლიდან წლამდე, ბუნებრივად იქმნება სხვადასხვა ვინტაჟის კოლექცია, რომლის აღმოჩენაც და ერთმანეთთან შედარებაც ერთგული მომხმარებლისთვის ღვინის გამოცდილების ნაწილი ხდება.
ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელი, რომელსაც აინტერესებს არა მხოლოდ თავად ღვინო, არამედ მისი წარმოშობა, კონკრეტული ვენახი, ჯიში, მოსავლის წელი და ის ისტორია, რომელსაც თითოეული ბოთლი ატარებს.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?
წლის მთავარი ნაწილი ჩვენთვის ფაქტობრივად ახლა იწყება. მეღვინეობაში საბოლოო შეფასების გაკეთება რთველამდე ყოველთვის ნაადრევია, რადგან მთელი წლის მუშაობა საბოლოოდ იმ რამდენიმე კვირაში იყრის თავს, როდესაც ყურძნის ხარისხი, მოსავლის დრო და მარანში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს მომავალ ღვინოს.
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა წარმატებით დავასრულოთ 2024 - 2025 წლის ღვინოების ჩამოსხმა და შემდეგ მაქსიმალური ყურადღებით ჩავატაროთ 2026 წლის რთველი. ამის პარალელურად გვინდა შევინარჩუნოთ არსებული საექსპორტო პარტნიორები და ეტაპობრივად განვავითაროთ ახალი ბაზრები.
სწორედ ეს იქნება 2026 წლის მთავარი შედეგი. ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე, წარმატებას მხოლოდ წარმოებული ან გაყიდული ბოთლების რაოდენობით არ ვზომავთ. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ახალი მოსავლის ღვინო იყოს ხარისხიანი, უკეთ გამოხატავდეს ჩვენს ვენახებს და ამ მცირე წარმოებას თანდათან უფრო ძლიერი და სტაბილური ადგილი ჰქონდეს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
სხვა სიახლეები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
08.10.2026.14:00
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს. ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
დღეიდან, სოციალური ბარათის მომხმარებლები, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში, უფასო სამედიცინო კონსულტაციებით და
სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის მიზანია, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური შეღავათების შეთავაზება.
სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თანხის გადახდა სოციალური ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე უნდა განახორციელოს.
აღნიშნული შეთავაზება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში მოქმედებს:
· ქირურგიის ეროვნული ცენტრი
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე"
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის მახინჯაურის პოლიკლინიკა
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე: shorturl.at/9aPCC
ლიბერთის სოციალური ბარათის ყველა შეთავაზების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/LSfuz