„მეღვინეობა პი" ექსპორტის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს
მეღვინეობა პი - Winery PI ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მცირე, არტიზანული მარანი, რომელიც საკუთარ ვენახებზე დაფუძნებული წარმოებითა და შეზღუდული ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ღვინის ფესტივალებსა და დეგუსტაციებში და ეტაპობრივად აფართოებს საექსპორტო ბაზრებს. Business Insider Georgia „მეღვინეობა პი"-ს დამფუძნებელს თეონა ომარაშვილს კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რა ძირითადი სიახლეები აქვს კომპანიას ამ ეტაპზე და როგორ ვითარდება ახალი ბაზრების მოძიების მიმართულება?
გაზაფხული ჩვენთვის საკმაოდ დატვირთული და აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა ღვინის ფესტივალსა და დეგუსტაციაში, რაც კარგი შესაძლებლობა იყო როგორც არსებული პარტნიორებისთვის საკუთარი თავის შეხსენებისთვის, ისე ახალი მომხმარებლების, ღვინის ექსპერტებისა და ბაიერებისთვის ჩვენი ღვინოების გასაცნობად.
ეს პერიოდი, როგორც წესი, ახალი შესაძლებლობების ძიებას, დეგუსტაციებსა და საექსპორტო კონტაქტების განვითარებას ეთმობა. ამ ყველაფრის პარალელურად კი ვენახში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპის მართვა გვიწევს, რაც მცირე მარნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესია.
რომელი საერთაშორისო ბაზრებია დღეს თქვენთვის ყველაზე აქტუალური და სად ფიქსირდება ქართული ღვინის მიმართ ყველაზე მაღალი ინტერესი?
ჩვენთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის ბაზრები, სადაც ჩვენი ღვინოები უკვე წარმოდგენილია და ინტერესიც სტაბილურია. სამომავლო თანამშრომლობის კუთხით ძალიან საინტერესო მიმართულებად მიგვაჩნია იაპონიის ბაზარი.
ზოგადად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით იზრდება იმ ქვეყნებში, სადაც ღვინის კულტურა კარგად არის განვითარებული და მომხმარებელი მზად არის აღმოაჩინოს განსხვავებული, ავთენტური და მცირე წარმოების ღვინოები.
როგორ იცვლება მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე სხვადასხვა ქვეყნებში და რა ფაქტორები განაპირობებს ამ ტენდენციებს?
იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც ამჟამად ვართ წარმოდგენილი, მოთხოვნა სტაბილურია. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც გლობალურად ღვინის მოხმარების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.
მცირე მარნისთვის სტაბილური მოთხოვნა და პროცესების გეგმიური მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ამ სტაბილურობას განაპირობებს პროდუქტის ხარისხი, მცირე წარმოების ავთენტურობა, საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძენი და ის ნდობა, რომელიც პარტნიორებთან ეტაპობრივად ყალიბდება.
როგორია კომპანიის ასორტიმენტის სტრატეგია და რა პრინციპით არჩევთ იმ ღვინოებს, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრებზე წარადგენთ?
ჩვენ ვართ მცირე, არტიზანული მარანი, რომლის წლიური წარმოება დაახლოებით 7,000 ბოთლამდეა. გვაქვს საკუთარი ვენახები და ღვინოს მხოლოდ ამ ვენახებიდან მიღებული ყურძნით ვამზადებთ. სწორედ ამიტომ ჩვენი ასორტიმენტი მცირეა და ორი ძირითადი ღვინით შემოიფარგლება „საფერავით“ და „აკურათი“ (რქაწითელი-მწვანე).
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ასორტიმენტის ხელოვნურად გაზრდა, არამედ იმ ღვინოების ხარისხიანად და თანმიმდევრულად წარდგენა, რომლებიც ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს ვენახებს, ჩვენს მიდგომას და ქართული ღვინის ხასიათს. ღვინოები შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ძალიან შეზღუდულად ვართ წარმოდგენილი.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ექსპორტის გაფართოების, ასორტიმენტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით?
სამომავლოდ ვაგრძელებთ ახალი ბაზრების მოძიებას და საექსპორტო მიმართულებების განვითარებას. ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იაპონიის ბაზარი, სადაც ქართული ღვინის მიმართ მზარდ ინტერესს ვხედავთ.
ამასთან, გვინდა ეტაპობრივად განვავითაროთ ადგილობრივი ბაზარიც, განსაკუთრებით პირდაპირი გაყიდვების არხების შექმნის მიმართულებით. მცირე მარნისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან უფრო ახლო და უშუალო კავშირის ჩამოყალიბება, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვით განვავითაროთ საქართველოს ფოსტის მომსახურება და გავაძლიეროთ მისი პოზიციები საერთაშორისო საფოსტო ქსელში - გიორგი ერაძე
23.10.2026.16:35
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართულ მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს. საბჭოს ფარგლებში წევრი ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და მსჯელობენ საერთაშორისო საფოსტო მომსახურების განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის შეფასებით, საერთაშორისო საფოსტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს ფოსტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
„მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განვიხილოთ საფოსტო სექტორის განვითარების აქტუალური საკითხები, გავეცნოთ წარმატებულ პრაქტიკას და ვიმუშაოთ საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის გზით განვავითაროთ საქართველოს ფოსტის მომსახურება და გავაძლიეროთ მისი პოზიციები საერთაშორისო საფოსტო ქსელში“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.
საქართველოს ფოსტისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საფოსტო მომსახურების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, ეფექტური და თანამედროვე მომსახურების შეთავაზებას.
მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭო 48 წევრი ქვეყნისგან შედგება და მსოფლიო საფოსტო ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო საფოსტო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობს.