„მელაანური ჩაის“ 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები და განვითარების გეგმები
2026 წლის პირველი ნახევარი „მელაანური ჩაისთვის“ განვითარების მიმართულებით აქტიური აღმოჩნდა - კომპანიამ ასორტიმენტი გააფართოვა, ახალი საწარმოს მშენებლობა დაიწყო და საექსპორტო ბაზარზე გასვლისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა. Business Insider Georgia-სთან „მელაანური ჩაის“ დამფუძნებელი, თეონა თაბორიძე, მიმდინარე საქმიანობაზე, ახალ პროდუქტებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
2026 წლის პირველი ნახევარი თქვენი კომპანიისთვის რა შედეგებით გამოირჩეოდა და რომელ მიმართულებებზე იყო ძირითადი ფოკუსი?
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საქმიანობა ორ მიმართულებას აერთიანებს - ერთის მხრივ, გესთჰაუსსა და ეკოტურისტულ მეურნეობას, ხოლო მეორეს მხრივ, ტყის მცენარეების ბაზაზე დამზადებული ჩაის წარმოებას.
გესთჰაუსის მიმართულებით მიმდინარე წელი წინა წელთან შედარებით პასიური იყო და განსაკუთრებით დატვირთული სეზონი არ გვქონია. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე იზრდება მოთხოვნა შემოდგომის პერიოდზე, რაც კახეთში რთველის სეზონს უკავშირდება. შესაბამისად, გესთჰაუსი ამ პერიოდისთვის აქტიურად იტვირთება და ამჟამადაც გვყავს სტუმრები.
რაც შეეხება ჩაის მიმართულებას, აქ ზრდა სტაბილურად გრძელდება. ბაზარზე მოთხოვნის მატებასთან ერთად, გავზარდეთ ნედლეულის შეგროვების მასშტაბებიც, რათა გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ.
პირველი ნაბიჯები გადავდგით საექსპორტო მიმართულებითაც - ბერლინში პარტნიორობის მიმართულებით მოლაპარაკებებს ვიწყებთ და იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგებს მოგვიტანს.
პარალელურად, რა პროექტებზე მუშაობთ საწარმოს განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით?
მცირე დონორების მხარდაჭერით, მათ შორის World Vision-ისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მივიღეთ მცირე გრანტი, რომელიც ბიზნესის გამწვანებასა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას ემსახურება. ამ დაფინანსებით რამდენიმე წლიანი ოცნების ასრულებას ვიწყებთ - სოფელ მაღრაანში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხის მცირე საწარმოს ვაშენებთ.
ამ ეტაპზე საწარმოს მშენებლობის დასკვნით ეტაპზე ვართ. სივრცე დიდი არ იქნება, თუმცა ფუნქციურად საკმაოდ დატვირთული - აქ განთავსდება საშრობი დანადგარი და შევძლებთ ნედლეულის ადგილზე გაშრობას, დასაწყობებასა და დაფასოებას. ასევე გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სტუმრებს გავუზიარებთ გამოცდილებას სამკურნალო მცენარეების შეგროვებისა და მათი თვისებების შესახებ.
წელს უკვე ვეღარ მოვასწრებთ, თუმცა მომავალი ტურისტული სეზონიდან გვინდა მცირე ჯგუფებს ჩაის დეგუსტაციებსა და ჩაის ცერემონიებზე ვუმასპინძლოთ. ვფიქრობ, ეს სივრცეს დამატებით ტურისტულ ფუნქციას შესძენს.
რამდენ სახეობას აერთიანებს თქვენი ასორტიმენტი და ხომ არ გეგმავთ მის კიდევ უფრო გაფართოებას?
ამჟამად, 10 სახეობის ჩაი გვაქვს. გასულ წელს ასორტიმენტი 7 ახალი სახეობით გავაფართოვეთ, ახლა კიდევ ორ ახალ პროდუქტზე ვმუშაობთ. ერთი იქნება ტყის კენკროვანი მცენარეების ბაზაზე დამზადებული ჩაი, ხოლო მეორე დიაბეტური ჩაი, რომელზეც ბაზარზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ახალი სახეობების დამატებას მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის ვგეგმავთ.
რა არის წლის დარჩენილი პერიოდის მთავარი გეგმები და პრიორიტეტები?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი გეგმებია ახალი სახეობების დამატება, საექსპორტო მიმართულების გაძლიერება, საწარმოს მშენებლობის დასრულება და მისი გახსნა, რის შემდეგაც სივრცის აქტიურ პოპულარიზაციას დავიწყებთ. ვფიქრობ, 2026 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი იყო.
ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ხოლო მიწოდების სერვისი ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სხვა სიახლეები
09.09.2026.10:52