„მეტალტექნიკა“ უჟანგავი მეტალის წარმოების გაფართოებას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს
„მეტალტექნიკა“ 2016 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უჟანგავი მეტალის ქართული წარმოების ავეჯს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების მენეჯერს, ნია ნინუას ესაუბრა.
როგორია „მეტალტექნიკის“ საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„მეტალტექნიკა“ ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და წელს, ნოემბერში, 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა უჟანგავი მეტალის ნაკეთობების წარმოება. ვემსახურებით HoReCa სექტორს, სამედიცინო და ვეტერინალურ დაწესებულებებს. ვამზადებთ ბარის სადგურებს, სამუშაო მაგიდებს, ნიჟარებს, კარადებს, თაროებს, ურიკებს, გამწოვებსა და სხვა სპეციალიზებულ კონსტრუქციებს.
როგორია დღეს მოთხოვნა უჟანგავი მეტალის ავეჯსა და კომერციული სამზარეულოების აღჭურვაზე და როგორ შეიცვალა მომხმარებლების მოთხოვნები ბოლო პერიოდში?
ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მოთხოვნის ზრდას რამდენიმე ფაქტორს დავუკავშირებდი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დეველოპერული სექტორის განვითარება - იქმნება ბევრი ახალი სასტუმრო, რესტორანი, კაფე, კვების ობიექტი და სხვა კომერციული სივრცე, სადაც პროფესიონალური სამზარეულოსა და შესაბამისი მეტალის ავეჯის მოწყობა ხდება საჭირო.
ასევე, მომხმარებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა, მათ შორის HACCP-ის მოთხოვნები. ეს კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას ისეთ მასალებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მარტივად იწმინდება, გამძლეა და პროფესიონალური სამზარეულოსთვის არის შესაფერისი.
ამასთან, საინტერესო ტენდენციაა უჟანგავი ფოლადის გამოყენების გააქტიურება ინტერიერში. ის უკვე მხოლოდ სამზარეულოს ტექნიკურ ნაწილთან აღარ ასოცირდება და უფრო ხშირად გამოიყენება ბარებში, რესტორნებში, კომერციულ სივრცეებსა და ინტერიერის დიზაინშიც.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობის შესაძლებლობა.
მომხმარებელს შეუძლია მიიღოს არამხოლოდ სტანდარტული პროდუქტი, არამედ კონკრეტული სივრცისთვის, საჭიროებისთვის და პროექტისთვის დამზადებული ნაკეთობა - ინდივიდუალური ზომებითა და კონფიგურაციით.
ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება, მოქნილობა და მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია, რაც საშუალებას გვაძლევს პროექტის საჭიროებებს სწრაფად მოვერგოთ.
რა მიმართულებით გეგმავთ „მეტალტექნიკის“ განვითარებას და რა ახალი პროდუქტების, პროექტების ან შესაძლებლობების დამატებას განიხილავთ?
სამომავლოდ ჩვენი განვითარების ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს.
პირველი არის ექსპორტზე გასვლა. გვინდა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზეც იყოს წარმოდგენილი.
მეორე მიმართულებაა ინტერიერის ავეჯისა და მოპირკეთების მიმართულების მეტად განვითარება. ამ მიმართულებით ვფიქრობთ ახალი დიზაინებისა და პროდუქტების განვითარებაზე, რომლებიც იქნება როგორც ფუნქციური, ისე ვიზუალურად საინტერესო და თანამედროვე არქიტექტურულ სივრცეებს მოერგება.
ინფორმაციისთვის, სამუშაო სივრცე 700 კვ.მ ტერიტორიაზეა განთავსებული, რაც კომპანიას მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. კომპანიაში 20-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
07.10.2026.10:43
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) ერთობლივი AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს, რომელიც 2026-2027 წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, 50-მდე სკოლაში დაინერგება - როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობა მოიცავს პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას, სასწავლო რესურსების შემუშავებას, მასწავლებლების გადამზადებასა და მოსწავლეებთან, მშობლებთან თუ პედაგოგებთან ერთობლივ კომუნიკაციას.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტა ჰოლდინგი“ სისტემურად ნერგავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს საკუთარ ბიზნესპროცესებში და საავტომობილო ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რა სიჩქარით ცვლის AI ეკონომიკის ყველა სექტორს და ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობასაც, რომელიც ამ ცოდნას თან ახლავს.
როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება მოთხოვნები სამუშაო ადგილზე - AI-სთან მუშაობის უნარი აღარ არის მხოლოდ IT სპეციალისტების პრეროგატივა, ის ნებისმიერ პროფესიაში საბაზისო კომპეტენცია ხდება. თუმცა ტექნოლოგია თავისთავად შედეგს არ იძლევა - გადამწყვეტია ადამიანი, რომელსაც მისი გააზრებულად და კრიტიკულად გამოყენება შეუძლია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ეს ცოდნა მოსწავლეებმა სკოლიდანვე მიიღონ. ეს ჩვენი ინვესტიციაა ქვეყნის მომავალში და გვინდა, რომ ახალი თაობა AI ეპოქას მზად შეხვდეს“.
„თეგეტა“ პროგრამის დაწყებიდან ინიციატივის მთავარი მხარდამჭერია. AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა უკვე წარმატებით დაინერგა 30-მდე სკოლაში, სადაც მოსწავლეებისთვის არჩევით საგნად AI წიგნიერება დაემატა.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „გვჯერა, რომ წარმატებული კომპანია ვერ აშენდება იმ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გავმხდარიყავით პირველი კერძო კომპანია, რომელიც AI წიგნიერების ეროვნულ პროგრამას სრულფასოვნად დაუჭერს მხარს - არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, სადაც შესაძლებლობები, ამ მიმართულებით, შედარებით ნაკლებია.ჩვენთვის განათლებისა და მომავალი თაობის მხარდაჭერა მხოლოდ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება არ არის - ის ჩვენი ღირებულებების პირდაპირი გამოვლინებაა“.
16-კვირიანი კურსი IX-XI კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი და მოიცავს 32 გაკვეთილს. სასწავლო პროგრამა ხუთ მიმართულებას აერთიანებს.

გიგი გიორგაძე, GAIA-ს დირექტორი: „ჩვენი მიზანია, AI განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოსწავლისთვის არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. მოსწავლეები უნდა მოემზადონ შრომის ბაზარზე მოახლოებული ცვლილებებისთვის, ხოლო ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წელიწადში უნდა ჰყავდეს თაობა, რომლისთვისაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთივე ორგანულია, როგორც ერთ დროს კომპიუტერთან მუშაობა გახდა.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან AI-ს საფუძვლებს, გენერაციული ინსტრუმენტების - ChatGPT-ის, Claude-ის, Gemini-ს - გამოყენებას, ვიზუალისა და კოდის შექმნას და, რაც მთავარია, შეიძენენ ამ ინსტრუმენტების პასუხისმგებლობიანად და კრიტიკული აზროვნებით გამოყენების უნარს - შეძლებენ AI-ს მიერ დაბრუნებული პასუხის გადამოწმებას, გაარჩევენ ნამდვილ ინფორმაციას გენერირებულისგან, ამოიცნობენ DeepFake-სა და მანიპულაციას. სწორედ ეს კომპეტენციები განსაზღვრავს, თუ რა ადგილს დაიკავებს ახალგაზრდა საქართველოდან გლობალურ ციფრულ რუკაზე უახლოეს ათწლეულში. ჩვენი ხედვა მკაფიოა: შემდეგ 3-5 წელიწადში AI სავალდებულო საგნად უნდა შევიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რათა ეს ცოდნა ყველა მოსწავლემ მიიღოს, განურჩევლად იმისა, თბილისში ცხოვრობს თუ მაღალმთიან რეგიონში“.
აქამდე, საქართველოს სკოლებში AI არ ისწავლებოდა და ქვეყანას არ ჰქონდა განათლებაში AI-ს ინტეგრირების სისტემური ხედვა. სწორედ ამის შეცვლაა ასოციაციის მიზანი. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი კი, პარტნიორებთან ერთად AI წიგნიერების ეროვნული სასკოლო პროექტის განხორციელებაა.
„თეგეტა ჰოლდინგთან“ ერთად, პროგრამაში ჩაერთო სხვა არაერთი კომპანია - თანამშრომლობის მემორანდუმს „თიბისი“, „სელფი“ და „მასტერქარდი“ შეუერთდა.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.