მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის თბილისის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს — იდეიდან ბიზნესის წარმატებულ განვითარებამდე.
პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
თბილისის ნაკადის ფარგლებში, მონაწილეებისთვის ინტენსიური ვორკშოპები 15-17 სექტემბერს გაიმართება. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ როგორც ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას და შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნესიდეები ექსპერტების დახმარებით განავითარონ.
პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას. მონაწილეები ჩაერთვებიან პირისპირ სწავლების პროცესში, სადაც წამყვანი ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ.
გარდა საგანმანათლებლო კომპონენტისა, მონაწილეებს ექნებათ ჯგუფური და ინდივიდუალური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა, მათ შორის — პრაქტიკული რჩევები ბიზნესგანაცხადის მომზადებისა და პიროვნული უნარების განვითარებისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მხარდაჭერას გრანტის მიღების შემთხვევაში, პროექტის განხორციელების ეტაპზე.
პროგრამა ასევე ქმნის შესაძლებლობას, მონაწილეებმა გაიფართოონ პროფესიული ქსელი, შეიძინონ ახალი კონტაქტები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხვდნენ წარმატებული ბიზნესების ლიდერებს.
თბილისის ნაკადში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - „აგრითაჩის“ დამფუძნებელი
24.08.2026.16:00
2026 წლის პირველი ნახევარი „აგრითაჩისთვის“ კვლევისა და განვითარების, ახალი გენეტიკისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით აქტიური მუშაობით გამოირჩევა. კომპანიამ Planasa-სთან თანამშრომლობით საქართველოში ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამა დაიწყო. პარალელურად, „აგრითაჩმა“ საექსპორტო მიმართულებები გააფართოვა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წლის დარჩენილ პერიოდში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია იქნება.
როგორ შეაფასებდით „აგრითაჩისთვის“ პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წელი „აგრითაჩისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსხვავებული წელია. წელს გაცილებით მეტი რესურსი და ძალისხმევა მივმართეთ კვლევა / განვითარება R&D-ის, ახალი გენეტიკისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით.
ერთ-ერთი მთავარი პროექტია Planasa-სთან თანამშრომლობა და საქართველოში და ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამის დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - რომელი გენეტიკა იქნება ყველაზე პროდუქტიული, ხარისხიანი და საინტერესო საექსპორტო ბაზრებისთვის.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა EdenCore-ის Viewer ტექნოლოგიასთან მუშაობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით მცენარის მდგომარეობის, ზრდის დინამიკისა და მოსავლის პოტენციალის უფრო ზუსტად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.
2026 წელი მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმომადგენლობის კუთხითაც. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „აგრითაჩი“ შეირჩა საქართველოს პავილიონში ქვეყნის წარმოსადგენად რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე - Fruit Logistica-ზე, Fruit Attraction-ზე და India Select Expo-ზე.
ჩვენთვის ეს მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ერთდროულად წარმოვადგინოთ ქართული პროდუქტი, ქართული აგროსექტორის შესაძლებლობები და თავად საქართველო.
როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში?
ჩვენი საექსპორტო სტრატეგიის მთავარი პრინციპია დივერსიფიკაცია - ქართული მოცვის ექსპორტი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე.
2026 წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვიმუშავეთ. გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და გვქონდა ექსპორტები კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ომანის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობთ ისრაელის, თურქეთისა და ინდოეთის მიმართულებებზე.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობაც საერთაშორისო გამოფენებში - Fruit Logistica, Fruit Attraction და India Select Expo. ეს ჩვენთვის მხოლოდ კომპანიის წარდგენის ადგილი კი არა, ახალი ბაზრების, იმპორტიორებისა და გრძელვადიანი პარტნიორების მოძიების ინსტრუმენტია.
ჩვენი მიზანია, ქართულ მწარმოებელს ჰქონდეს რამდენიმე ძლიერი საექსპორტო მიმართულება და მეტი არჩევანი პროდუქტის რეალიზაციისას.
რა რჩება 2026 წლის ძირითად პრიორიტეტად?
2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ორი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს - R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია.
გავაგრძელებთ Planasa-ს ახალი გენეტიკის გამოცდას, Viewer-ის საშუალებით მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს და თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებზე მუშაობას.
ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უკვე დაწყებული საექსპორტო მიმართულებების გაძლიერება და ახალი ბაზრების გახსნა.
ჩვენი ხედვაა, რომ „აგრითაჩი“ ეტაპობრივად გახდეს ერთგვარი დამაკავშირებელი პლატფორმა საქართველოსა და გლობალურ აგროინდუსტრიას შორის - ახალი გენეტიკის, ტექნოლოგიების, ცოდნისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.