„მევენახეობა დოლიძე“ საექსპორტო არეალს აფართოებს - გურული ღვინო ჰონგ-კონგში გაიყიდება
Vineyard Dolidze • მევენახეობა დოლიძე უნიკალური, მივიწყებული ენდემური ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინის ასორტიმენტით და გამორჩეული გემოებით ქმნის ახალ სივრცეს ქართულ მეღვინეობაში.
მეღვინეობა ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა ვენახების გაშენება სოფელ ამაღლებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დირექტორმა გიორგი კუკულავამ განაცხადა, „მევენახეობა დოლიძე“ დღეს უკვე რამდენიმე ენდემური გურული და იმერული ჯიშის ყურძენს ამუშავებს და აქტიურად ავითარებს პროდუქციის გაყიდვებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.
„ჩვენი პირველი ღვინო ბაზარზე 2018 წელს გამოვიდა, თუმცა ვენახი 2013 წელს გავაშენეთ. ამჟამად ვაწარმოებთ რამდენიმე გურულ და იმერულ ჯიშს. ჩვენი ღვინო იყიდება როგორც სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში, ასევე წამყვან რესტორნებში – საქართველოს მასშტაბით,“ – აცხადებს კუკულავა.
ამ ეტაპზე კომპანია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, რომელიც გაყიდვების 70-75%-ს შეადგენს. კომპანია ექსპორტს ახორციელებს პოლონეთსა და გერმანიაში. გიორგი კუკულავას განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან, ხოლო ჰონგ-კონგის ბაზარზე ღვინის შეტანა წლის ბოლომდე იგეგმება.
„ექსპორტის მიმართულებით მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-ის ორ კომპანიასთან და დიდ ბრიტანეთთან. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ღვინო ჰონკონგშიც შევა. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი გაყიდვების 70-75% ადგილობრივ ბაზარზე მოდის, რომელიც წლიდან წლამდე ორჯერ იზრდება,“ – განმარტავს კომპანიის დირექტორი.
მეღვინეობა აქტიურად აგროვებს და აღადგენს გურული ჯიშების ვაზს. უკვე სრულმოსავლიანია 3 ჰა ვენახი, ხოლო დამატებით 18 ჰა წელს გაშენდა. კომპანიის გეგმაა საკოლექციო ნაკვეთის შექმნა, სადაც ყველა ცნობილ გურულ ჯიშს მოიყრის თავს.
„აქცენტს ვაკეთებთ გურულ ჯიშებზე – ჩხავერი, სხილათუბანი, საკმიელა, ოცხანურის საფერე. ასევე გვყავს ბადაგი, ოჯალეში, მეგრული ოჯალეში და ცოლიკაური. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე გურული ჯიშის დამატება და კოლექციური ნაკვეთის მოწყობა,“ – ამბობს გიორგი კუკულავა.
მეღვინეობა გაყიდვების პარალელურად ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. უახლოეს მომავალში ბაზარზე გამოვა ახალი პროდუქტები – ბრენდი და ასევე, ჩხავერისა და საკმიელას ჯიშებზე დაყენებული ცქრიალა ღვინო.
სხვა სიახლეები
ამერიკული ბაზარი, საერთაშორისო ინტერესი და გაფართოების გეგმები - როგორ ვითარდება „ჩირჩხელა“
08.07.2026.10:00
ამერიკულ ბაზარზე გაფართოება, საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და წარმოების განვითარების გეგმები - ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომლებზეც „ჩირჩხელა“ მიმდინარე პერიოდში აქტიურად მუშაობს. აღნიშნული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე, ესაუბრა.
რა მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს კომპანიას მიმდინარე პერიოდში?
მიმდინარე წელი ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. „ჩირჩხელა“ პირველად წარვადგინეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კვების გამოფენაზე, სადაც ჩვენი პროდუქტი საერთაშორისო ფუდ-ბაიერების ყურადღების ცენტრში მოექცა. მსგავსი გამოფენების მთავარი მიზანი სწორედ ახალი გემოებისა და სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიული კულტურის აღმოჩენაა. მას შემდეგ ინტერესი არ განელებულა და დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან.

როგორ აფასებთ დღეს მოთხოვნას? როგორია ინტერესი როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ისე საერთაშორისო ბაზრების მხრიდან?
მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ეტაპობრივად იზრდება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ამერიკაში მცხოვრები ქართველების მხრიდან, თუმცა ინტერესი ადგილობრივ მომხმარებლებშიც თვალსაჩინოა. დღეს მომხმარებელი სულ უფრო მეტად ირჩევს ნატურალურ, ხარისხიან და ფუნქციურ პროდუქტებს, რაც „ჩირჩხელას“ განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

როგორ ვითარდება საექსპორტო მიმართულება? ხომ არ გაფართოვდა თქვენი საექსპორტო არეალი ან დაემატა ახალი ბაზრები?
საექსპორტო მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი ბიზნესკონტაქტები და თანამშრომლობის რეალური შესაძლებლობები მოგვიტანა. ამერიკული ბაზარი ძალიან დიდია, ჩვენს ვეგანურ სნექებზე, განსაკუთრებით ჩურჩხელების მიმართულებით კონკურენცია დაბალია. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ ლოჯისტიკა და ტრანსპორტირების ეფექტური ორგანიზებაა, რადგან პროდუქტის შენახვის პირობები და სტაბილური მიწოდების ციკლი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და უკვე რამდენიმე ქსელთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპს ვუახლოვდებით.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? გეგმავთ თუ არა წარმოების გაფართოებას, ახალი პროდუქტების განვითარებასა და საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოებას?
ჩვენი ბიზნეს განვითარების სტრატეგიაში გაჩნდა მნიშვნელოვანი პუნქტი - ამერიკულ ბაზარზე მარკეტინგული აქტივობები. ამერიკულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, ჩემი სტუდენტები დიდი სიამოვნებით არიან აქტიურად ჩართულნი და საერთაშორისო გამოცდილებასაც იღებენ. ამ ეტაპზე ვატარებთ ბაზრის კვლევებს, მალე დავდებთ SWOT ანალიზსაც და უფრო რეალურ სურათს დავინახავთ. სხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთება, ბუნებრივია ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამეწარმეო კანონმდებლობაში გარკვევა მოგვიწია. რამდენადაც დიდია მასშტაბები, იმდენად დიდ შრომას, ადამიანურ რესურს, მეტ დროს და სიზუსტეს მოითხოვს. სწორედ ამიტომ შევკარით ქართულ - ამერიკული საოცარი გუნდი და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ძირითადი პროცესების დალაგების შემდეგ საქართველოში დავბრუნდებით, სადაც წარმოების გაფართოებას დავიწყებთ და ბიზნესკონსოლიდაციის რეჟიმში ვიმუშავებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, ქართული ტრადიციების ერთგულებით, ,,ჩირჩხელა’’ ღირსეულად წარმოვადგინოთ საერთაშორისო ბაზარზე და მსოფლიო მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. რაც ჩვენს თავს ხდება, არის იღბალიც, ტოტალური შრომაც და უდიდესი პასუხისმგებლობაც.
