Miami Ad School ახალ ლოკაციაზე - საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.
ახალი ფორმატი, ახალ ლოკაციაზე - Miami Ad School-ი ახლა სტუდენტებს მადრიდში მიიღებს. პროგრამა ერთწლიანია. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee).
წელს Copywriting-ისა და Art Direction-ის პროგრამებს გარდა, სტიპენდიატებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე Creativity & Artificial Intelligence (შემოქმედება და ხელოვნური ინტელექტი).
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია 2019 წელს დააწესა და ყოველ წელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1-წლიან კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
Sugar Free მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს და მესამე ფილიალის გახსნისთვის ემზადება
28.07.2026.14:00
Sugar Free-მ პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა. კომპანიამ მენიუში ახალი დესერტები დაამატა, ხოლო უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, რუსუდან კვანტალიანმა განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები და რა ახალ პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
მენიუში უკვე დაემატა ახალი ნამცხვრები, ტორტები და ორცხობილები, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - სექტემბრამდე მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი დესერტების უმრავლესობა არა მხოლოდ უშაქრო, არამედ უგლუტენო და კეტო-მეგობრულიც არის, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიის საჭიროებებს ვუპასუხოთ.

რამდენად იზრდება უშაქრო პროდუქტებზე მოთხოვნა და როგორ შეიცვალა მომხმარებლის ინტერესები ბოლო წლებში?
თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მომხმარებლების ძირითადი ინტერესი მხოლოდ უშაქრო დესერტებისკენ იყო მიმართული, დღეს განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა უგლუტენო და კეტო მეგობრულ პროდუქტებზეც. მომხმარებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პროდუქტის შემადგენლობას, კვებით ღირებულებასა და გამოყენებული ინგრედიენტების ხარისხს. ეს ტენდენცია ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, მუდმივად განვაახლოთ ასორტიმენტი და შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ერთდროულად ჯანსაღი და მაღალი ხარისხის არის, ამასთან, გემოვნური თვალსაზრისითაც გამორჩეულია.

როგორია კომპანიის ხედვა რეგიონული განვითარების მიმართულებით? გეგმავთ თუ არა ფიზიკური ობიექტების ან სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებას თბილისის ფარგლებს გარეთ?
ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი თბილისში პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში Sugar Free-ს მესამე ფილიალი დიღომში გაიხსნება, რაც კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ჩვენი პროდუქცია სახლთან უფრო ახლოს შეიძინოს. რაც შეეხება რეგიონებს, ეს მიმართულება ჩვენი სამომავლო განვითარების გეგმებშია, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ან ვადები ამ ეტაპზე ჯერ არ გვაქვს.

რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტები 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რა მიზნები გაქვთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე?
ვაგრძელებთ მუშაობას პროდუქციის განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, Sugar Free იქცეს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, ინოვაციურ და სანდო ბრენდად ჯანსაღი დესერტების მიმართულებით.

ინფორმაციისთვის, Sugar Free ბაზარზე დაახლოებით ოთხი წელია ოპერირებს და ამჟამად ორ ფილიალს აერთიანებს: ა. ყაზბეგის გამზირის №30-სა და დიმიტრი მირცხულავას №6-ში.